„უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება“ — ირმა სოხაძე

სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელეარხ „პოსტვ-ის“ წამყვანი და მომღერალი ირმა სოხაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უნდა შეელიოს კანონპროექტს, რომლის გამოც საქართველოში ბოლო პერიოდიში მრავალათასიანი აქციები იმართება. ამის შესახებ მან „კვირის პალიტრას“ განუცხადა.
„მე არ ვიცი, ეს კანონი რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული და არც მაინტერესებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ ვნებათაღელვას იწვევს. სტრატეგიული პარტნიორების უმეტესობა გვაფრთხილებს, თქვენთვის ეს არ ივარგებს და არ გააკეთოთო, ამიტომ უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. გავაკეთოთ ის, რაც ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის. პროტესტს ხელოვნურად ვერ გავაჩერებთ, ვერაფრით შევეწინააღმდეგებით,“ — განაცხადა ირმა სოხაძემ.
მისი აზრით, ყველას მიზანია ევროპისკენ სვლა, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლითაა გარანტირებული და საჭირო არ არის განსხვავებული აზრის დევნა და შეთქმულების თეორიების განხილვა.
„ნუ დავყოფთ, რომ თითქოს ახალგაზრდებს უნდათ ევროპა და ჩემს თაობას კი — . არა, ბატონო, მე უფრო არ მინდა რუსეთი, რადგან უკვე ვიცხოვრე იმ ქვეყანაში და ვიცი, რაც არის, და როგორღა უნდა მინდოდეს იმ წარსულში დაბრუნება? ვინ დაგვაბრალა ეს ჩემს თაობას? ეს არ არის თაობათა ომი და საერთოდ, ეს არავის ომი არ არის. შეიძლება გამჭვირვალობა მართლაც აუცილებელია, მაგრამ არ მინდა ყველა ნიუანსი ვიცოდე ქვეყნის შუაზე გახლეჩის ფასად. ხომ გახსოვთ, რა ბედნიერები ვიყავით ამ კანონის დაინიცირებამდე? მართლაც გვჯეროდა, რომ “ზღაპრის ბოლო კეთილია”, და უცებ კვლავ შუაზე რატომ გავიხლიჩეთ? ღამეები არ მძინავს, ვზივარ, ეკრანს ვუყურებ და ვტირი. გავიგოთ, რომ ყველა ვართ ერთ აზრზე! რაც უფრო მალე გავიგებთ და ვაღიარებთ, უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც,“ — მიიჩნევს ირმა სოხაძე.
პოსტვ-ის წამყვანისა და მომღერლის თქმით, მას ძალიან უხარია და სიამოვნებს, როცა ახალგაზრდები მისი და გია მაჭარაშვილის შექმნის სიმღერას „გაიღიმე“ („ზღაპრის ბოლო კეთილია“) მღერიან.
„ჰოდა, იმღერონ! იმ ძალიან სასიხარულო საფეხბურთო მატჩის შემდეგაც მანტრასავით იმეორებდა ყველა, მაშინაც ვტიროდი, ოღონდ სიხარულის ცრემლებით, ვერ გადმოგცემთ, რა საოცარი შეგრძნებაა. ვიღაცამ მითხრა, აქციაზე ახალგაზრდებს აუკრძალეთ ეს სიმღერაო. მე და გია მაჭარაშვილმა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს არ მივეცით ამის ნება, არც ლოგოდ და არც საუნდტრეკად არ მივცემთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, რათა სათავეში ჩაუდგნენ და ამ სიმღერით გადატრიალება მოახდინონ, მაგრამ ახალგაზრდებმა, კი, ბატონო. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ ვიქნებით ყველაზე ბედნიერი, თუ ამ სიმღერის თანხლებით ივლიან და შევალთ ევროკავშირში. „ზღაპრის ბოლო კეთილია“ – ასეც უნდა იყოს და გვჯერა, რომ ასეც იქნება,“ — ამბობს ირმა სოხაძე.

ასევე დაგაინტერესებთ