ევროპარლამენტარები ბორელს სთხოვენ ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების სანქცირებას

ევროპარლამენტარები, თიის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ რუსული კანონი III მოსმენით მიღების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მომზადებისკენ მოუწოდებენ. ბორელის მიმართვას X-ზე (ყოფილი ტვიტერი) თიის როიტენი აქვეყნებს და წერს, რომ მათი მიზანი პროევროპულად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაა. დღესვე მან დაწერა, რომ მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მამაც ქართველ ხალხს, რომლებიც ქუჩაში უწევს წინააღმდეგობას რუსული სტილის საბოტაჟს დემოკრატიაზე, კონსტიტუციასა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
ევროპარლამენტარების წერილი სამ კითხვას აერთიანებს:
· წარადგენს თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მყისიერ შემაკავებელ ზომებს ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და პარლამენტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტსა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პოტენციურად დადებული ვეტოს დაძლევას მხარს დაუჭერენ?
· დაავალებენ თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ევროპული საგარეო კავშირების სამსახურსა (EEAS) და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს (DG NEAR) შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი რანგის თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან (თუ ეს არ ეხება ზემოხსენებული კანონის გაუქმებას), მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის თანხების გამოყოფა. შეაჩერებს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სანამ ეს კანონი ძალაში იქნება?
· აპირებს თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებას, რათა გამოხატოს ევროკავშირის მხრიდან შეშფოთება და განიხილება თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის დაბარების შესაძლებლობა?
დღესვე გამოქვეყნდა ბორელის მიმართ მიწერილი ღია წერილი, რომელსაც 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აწერს ხელს – ამ წერილის მოთხოვნაც საქართველოს ევროპული მისწრაფებების დასაცავად ქმედითი ზომების მიღებაა.
13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ