„თითქოს ევროპა გინდათ, თუმცა რეალურად რუსეთივით უტყვი მონების ქვეყანა გინდათ ააშენოთ“ – ზურაბ ფარჯიანი

თქვენ კიდევ ვირეშმაკობთ, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, და თითქოს ევროპა გინდათ, თუმცა რეალურად ვით უტყვი მონების ქვეყანა გინდათ ააშენოთ, სადაც ჩვენი „ზუზუნით” არ შეგაწუხებთ „ზეპურ დედათა და მამათ”. ესაა ამ კანონის მიღების მთელი „ალია-ბალია”, სრული კონტროლი გინდათ ჩვენზე. ის კონტროლი, რაც ახლაა, არ გაკმაყოფილებთ, ნამეტანი ვხმაურობთ და მესმის, „წუხდებით“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ბროლის ბუს“ მფლობელი თამი: „რა, სად როდის?“ ზურაბ ფარჯიანი წერს და „ქართულ ოცნებას” ვრცელი წერილით მიმართავს და რუსული კანონის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
ფარჯიანი წერს, რომ „რუსული კანონი“ ყველას შეეხება. „ჯერ არასამთავრობოებს მიადგებით, მერე ტელევიზიებს, მერე ინტერნეტ გამოცემებს, მერე ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თვალში არ მოგივათ და ამ დროისთვის უკვე არავინ დარჩება ხმის ამომღები, თუ ახლავე არ ამოვიღეთ ხმა“, – წერს ფარჯიანი.
კანონი, რომელიც თქვენ გინდათ ძალით გაათრიოთ, და რომელიც თითქოს მხოლოდ არასამთავრობოების მიმართ არის, რეალურად ყველას შეგვეხება, რადგან ჯერ არასამთავრობოებს მიადგებით, მერე ტელევიზიებს, მერე ინტერნეტ გამოცემებს, მერე ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თვალში არ მოგივათ და ამ დროისთვის უკვე არავინ დარჩება ხმის ამომღები, თუ ახლავე არ ამოვიღეთ ხმა.
ზუსტად ასე მოხდა რუსეთშიც და ამიტომაა ეს კანონი “რუსული”. ჩვენ კიდევ ბავშვობაშივე გვასწავლეს რომ „ძალა ერთობაშია” და სანამ გაგვათითოკაცებთ, მანამდე უნდა დავდგეთ ერთად.
ასე დაიწყო რუსეთმა 2012 წელს და დღეს ფეისბუქზე „ლაიქის” თუ სტატუსის გამო ციხეში უშვებენ ან უზარმაზარი ჯარიმებით ახრჩობენ ხალხს. სულ ყველაფერი რომ დაიფიცოთ, რომ ასე არ იქნება, თქვენი ნდობა არ იქნება. უამრავჯერ წაიღეთ უკან გაცემული სიტყვა და არც შემდგომში გაგიჭირდებათ.
„ღირსებით ევროპაში” იძახდით, თითქოს ღირსება გადარდებდეთ. ევროპის ჩემპიონატზე რომ კვადრატული ან სამკუთხა ბურთით მოინდომოს ჩვენმა ნაკრებმა წასვლა, “ღირსებით ევროპის ჩემპიონატზე” დაიწერდით?
ნაცებს რომ უწოდებთ ყველას, ყველა ნაცი როგორ ვართ და ვხდებით, როგორც კი თქვენი სიტყვისგან ოდნავ გადახრილს ვამბობთ? თავადაც ხომ იცით რომ თქვენი უამრავი ყოფილი მომხრეა დღეს თქვენს წინააღმდეგ? ბოლო-ბოლო თქვენს მიერ ნაქებ-ნალოლიავები გახარიაც კი “ნაცია” და თქვენი მოწინააღმდეგე. და ამავდროულად მურუსიძე გყავთ სასამართლოში და ნაცების დეპუტატები პარლამენტში.
რომ დაფიქრდე, „ნაცებზე” მეტი ნაცი დეპუტატი თქვენ გყავთ პარლამენტში. შეგიძლიათ ოდიშარიადან დაიწყოთ გარკვევა.
კიდევ უნდა ითქვას, რომ თქვენზე მეტად ალბათ არავის ასე არ დაუყვია ჩვენი ერი, თქვენებად და არათქვენებად, ყველა ვინც კი თქვენთან არ არის ეგრევე თქვენს მტრად რომ ცხადდება და ანათემაზე გადაეცემა. დღეიდან მეც გავხდები თქვენთვის „ნაცი”, გული მიგრძნობს. სიებით გვემუქრებით უკვე.
ჰო, კიდევ ხელოვანებს, სპორტსმენებს და ყველა პროფესიის ხალხს „ამუნათებთ”, ხმა არ ამოიღონ, „პოლიტიკა თქვენ გაცალონ”, „მათი საქმე არაა” და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ მოხდა რომ პოლიტიკა არის ელისო ბოლქვაძის საქმე და არ არის დავუშვათ ილიკო სუხიშვილის? არის კობიაშვილის და ყაველაშვილის „საქმე”, მაგრამ არ არის არველაძის, ქოჩორაშვილის, ილია თოფურიას საქმე? რამე ლოგიკურ შეუსაბამობას ვერ ხედავთ, ხომ? რამე სპეციალური განათლება მაინც მიეღოთ თქვენს სპორტსმენებს, სანამ პარლამენტში წამოჭიმავდით. ამაშიც ტყუით მოკლედ და ყალბები ხართ.
თქვენზე გაცილებით სწორი და პატიოსანი პოზიცია „ალტ-ინფოს”-აც კი აქვს, ისინი პირდაპირ ამბობენ მაინც, რომ არანაირი ევროპა არ უნდათ.
თქვენ კიდევ ვირეშმაკობთ, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, და თითქოს ევროპა გინდათ, თუმცა რეალურად რუსეთივით უტყვი მონების ქვეყანა გინდათ ააშენოთ, სადაც ჩვენი “ზუზუნით” არ შეგაწუხებთ „ზეპურ დედათა და მამათ”. ესაა ამ კანონის მიღების მთელი “ალია-ბალია”, სრული კონტროლი გინდათ ჩვენზე. ის კონტროლი, რაც ახლაა, არ გაკმაყოფილებთ, ნამეტანი ვხმაურობთ და მესმის, „წუხდებით”. „გუთენ ტრაკენის” მეთოდით “ქვეყნის შენებაში” ხელი გეშლებათ.
მე კიდევ, როგორც ქართველი, როგორც სოხუმელი, იმით ვწუხდები, რომ ვეღარ ვხვდები რისთვის იბრძოლა და რისთვის მოკვდა მამაჩემი 1993 წლის მარტში აჩადარასთან, ან სხვისი მამები, ძმები, შვილები? დღემდე მახსოვს მამაჩემის დაცხრილული, სისხლიანი „ბუშლატი” და „კანტროლკა” შუბლში. რისთვის გავწყდით სოხუმსა თუ ცხინვალში, ამისთვის? რომ რუსეთში შეგვათრიოთ და ხმის ამოღების უფლება არ გვქონდეს საკუთარ ქვეყანაში? მონებად ვიცხოვროთ? უსიტყვოდ გემსახუროთ და ბევრი არ ვიზუზუნოთ?
ყველანი ემიგრაციაში ხომ არ წავიდეთ? იქიდან გიგზავნოთ ფულები “ვესტერნ იუნიონით” და მერე თქვენ უტიფრად უკიჟინოთ ემიგრანტებს, რა უჭირთ, მივიდნენ საარჩევნო ყუთებამდე, სახლთან ხომ არ გავუხსნითო. ეს მაშინ როდესაც ემიგრანტებს ათასობით კილომეტრში აქვთ უახლოესი „საარჩევნო ყუთი” და მათ შრომასა და წვალებაზე დგას ქვეყანა?
ყველაფერში და ყველანაირად ასე უტიფრები როგორ ხართ, რამე უკან დასატოვებელი გზა თუ არა ბილიკი მაინც დაიტოვეთ.
მეტს ვერაფერს ვიტყვი. გულწრფელად მგონია რომ არ დატოვეთ დუმილის საშუალება, თორემ მართლა ძალიან კომფორტულია დუმილი,სანამ გამაყრუებელი არ ხდება. თორემ ისე არავის ეხალისება აუტკივარი თავის ატკივება. უბრალოდ დუმილიც პოზიციაა, როგორც უმოქმედობა მოქმედებაა ხშირად.
ოღონდ თუ ვინმე იტყვით რამეს, მკაფიოდ თქვით რას ფიქრობთ. ნუ წერთ ამ სადღეგრძელოებს „გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას” და ასე შემდეგ. ასე მეც შემეძლო დამეწერა „გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, სიამტკბილობას, ჩახუტებას, საცივს, გოზინაყს და შემწვარ გოჭს საახალწლოდ”.
თუნდაც ადგეთ და პირდაპირ მხარი დაუჭიროთ ამ კანონს ჩვენმა ფეხბურთელებმა, რაგბისტებმა, ვინც უნდა იყოთ, ეგეც კი გაცილებით სწორი და პატიოსანი საქციელი იქნება, ვიდრე ეს „არც მწვადი დავწვა, არც შამფური” პოსტები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.
ბოლოს ის მინდა ვთქვა, რომ ეს ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანაა. ამ კანონს თუ მიიღებენ, ამ ქვეყნიდან ისინიც წავლენ, ვინც ბოლომდე იბრძოლა რომ ამ ქვეყანაში ეცხოვრა, ეშენებინა, შვილები აღეზარდა და ასე შემდეგ. წავლენ ნიჭიერი და ჭკვიანი “ძველ” თუ ახალგაზრდები, წავა ხალხი, რომელიც ქმნის ამ ქვეყნის “დღევანდელ დღეს” და ხალხი, ვინც უნდა შექმნას “ხვალინდელი დღე”. არ შეიძლება ამის დაშვება. ისე არ უნდა ვქნათ ჩვენი დუმილით და უმოქმედობით, რომ ქვეყანა მომავლის გარეშე ან “რუსული მომავლით” დავტოვოთ.
არა რუსულ კანონს!
პ.ს. იმათ, ვისაც ჰგონია, რომ “აქლემი მათთან არ დაიჩოქებს”, ტყუილად გგონიათ. თქვენამდეც მოვა ეს ყველაფერი“, – წერს ზურაბ ფარჯიანი.

ასევე დაგაინტერესებთ