ქაშვეთის ტაძარი ღამით ღია აღარ იქნება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, 2024 წლის 10 მაისს ქაშვეთის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი და „შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს“.
„აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო“, — ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
დეკანოზი დავით დელიბაშვილი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ აცხადებს, რომ 10 მაისს, წირვის დაწყებამდე, სამმა ახალგაზრდამ საკურთხეველში შესვლა მოითხოვა, სასულიერო პირებისგან უარის მიღების შემდეგ კი ადგილზე მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ხმაურით შემოვიდნენ, ნასვამები იყვნენ, როგორც ეტყობოდათ. მოვიდნენ აღსავლის კარებთან და დიაკვანს სთხოვეს, თუ შეიძლება საკურთხეველში შემოსვლაო. დიაკვანმა უარი უთხრა. დადგნენ გასასვლელ კარებთან და ხმაურით, უპატივცემულოდ იქცეოდნენ. ეკლესიაში ასე მოქცევა არ შეიძლება. ჩვენ მსახურებას ვიწყებდით და პროტოდიაკონი მივიდა და სთხოვა, არ ეხმაურათ. ამ დროს მედავითნეც მივიდა. მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა დიაკვნისადმი და მედავითნისადმი. ხმაურზე მეც გამოვედი. სტოაში გამომყვნენ გარეთ, მაგრამ სტოაში ინციდენტი გაღრმავდა და დაიწყო მათი მხრიდან პროვოკაციული მოქმედება და მუქარები. გვემუქრებოდნენ, სულ რამდენიმე დღე დაგვაცადეთ და თქვენ გაჩვენებთო. წესრიგისკენ მოვუწოდე. რა წესები, ჩვენ წესებს არ ვემორჩილებითო“, — განაცხადა დეკანოზი დავით დელიბაშვილმა.
დეკანოზის თქმით, ახალგაზრდები უწმაწურად მოიხსენიებდნენ სამღვდელოებას და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“