უჩა აბაშიძესა და მის ცოლს გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვებას და იარაღის შეძენა-შენახვას ედავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამხედრო ბლოგერს, უჩა აბაშიძესა და მისი ცოლს, მარიამ იაშვილს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.
გამოძიების თანახმად, უჩა აბაშიძემ და მისმა ცოლმა, „ერთად განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ამ მიზნით, მარიამ იაშვილის საცხოვრებელი ბინა, აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.
„ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში. ამასთანავე, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ ვებ-გვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება.
მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება, ან შეხვედრა და იგი მივიდოდა ხსენებულ ბინაში, მისგან მალულად ბრალდებულები სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება აცხადებს, რომ ბრალდებულმა პირებმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომელზეც აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები:
„აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა“.
გამოძიების თანახმადვე, პოლიციამ ჩხრეკის შედეგად, უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღო მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტოაპარატი, გარე მეხსიერების ბარათები, ე.წ. „ვინჩესტერები“, ასევე, ვიდეორეგისტრატორი, დრონები, ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა, ოპტიკა და ა.შ.
მათვე მტკიცებით, პოლიციამ უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინიდან ასევე, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, გარდა ამისა ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა.
“საქმეზე დანიშნული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იარაღები და ვაზნები განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად”.
რაც შეეხება ირმა იაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი ბინიდან, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე მეხსიერების ბარათები ამოიღეს.
„მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური, ჰაბიდოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზები. ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია დიდი რაოდენობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები, რომელთა შესწავლა გრძელდება დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით