სახალხო დამცველი გმობს სოციალურ ქსელებში არასრულწლოვნების მიმართ დაწყებულ დევნას

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს.
ლევან იოსელიანის განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები:
„ასევე, უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები გახდნენ მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები.
აღნიშნული ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ღირებულებებს და ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და წარმოშობს ბავშვებისადმი ძალადობის მაღალ რიკს“.
ლევან იოსელიანი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირება და გამოიყენოს პრევენციული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს თითოეული არასრულწლოვანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა.
ბოლო დღეებია, უცნობი პირები მოქალაქეებს უცხო ნომრებიდან ურეკავენ და მათ დაშინებას თუ შეურაცხყოფას ცდილობენ. თუკი თავდაპირველად გინებისა თუ მუქარის სამიზნედ სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური ადამიანები უყვნენ შერჩეულნი, ამჯერად, მიზანში ამოიღეს მათი ოჯახის წევრებიც – მათ შორის, არასრულწლოვნები.
აღნიშნულ შემთხვევებზე მოკვლევა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს მოკვლევა შეეხება იმას, თუ რამდენად კანონიერადაა მოპოვებული იმ მოქალაქეების მობილური ტელეფონების ნომრები, რომლებსაც უცნობი პირები ბოლო დღეების განმავლობაში უკავშირდებიან.
დაიწყო თუ არა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვნების კუთვნილ ტელეფონებზე განხორციელებულ ზარებზე გამოძიება, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ კითხვაზე პასუხი რადიო თავისუფლებამ ამ დრომდე ვერ მიიღო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ