აღარ იძებნება დიტო სამხარაძის პოსტი, რომელშიც ზურა ჯაფარიძეს ემუქრებოდა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი დიტო სამხარაძე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ემუქრება.
მან ჯაფარიძის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადება დღეს, 10 მაისს, Facebook-ზე გაავრცელა, თუმცა აღნიშნული განცხადება სამხარაძის გვერდზე აღარ იძებნება.
დიტო სამხარაძის მტკიცებით, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩის“ წევრებს მისი და მისი ოჯახის წევრების „ბულინგი“ დაავალა. სამხარაძის მტკიცებითვე, სწორედ ზურაბ ჯაფარიძის დავალებით მისწერეს მას და შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ, თუმცა მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამ საქმეზე ჯერ არც პოლიციას დაუკავებია ვინმე.
თავის მხრივ ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას უკვე მეორედ ჩაუსაფრდნენ უცნობი ადამიანები – ერთხელ 10 მაისს გვიან ღამით, მეორედ კი დღისით. ჯაფარიძის პარტიაში აცხადებენ, რომ მან მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმები დაიწყო, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა გაუჭირდებათ, რადგან მას იარაღი აქვს.
„ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს ის იყოს უკანასკნელი კაცი! გუშინ უბლატავია, იარაღით დავდივარო. მეც იარაღით დავდივარ, როდესაც შენთან მოვალ, გთხოვ მესროლე, საბაბი რომ მქონდეს და საპასუხო ცეცხლი გაგიხსნა! ღორივით დაგაგდო… შენ გინდა ბიჭო შვილი რომ მომიკლა? შენს სისხლს დავლევ! შენ თუ შენი ქუდის მეპატრონეებმა გიშველონ ან გაგვასწრო, მე ვიყო ნაცი!“, – მიმართა დიტო სამხარაძემ ზურაბ ჯაფარიძეს Facebook-ზე პოსტით, რომელიც აღარ იძებნება.
სწორედ აღნიშნული პოსტის დაწერიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გირჩი TV-ს“ ოფისთან ზურა ჯაფარიძეს ნიღბიანი პირები დახვდნენ.
პარტიაში ამბობენ, რომ იმ დროს როცა ჯაფარიძე საკუთარ მანქანასთან მიდიოდა, უცნობი ნიღბიანი პირი გადმოვიდა მანქანიდან, რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძემ მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღიდან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა.
აღნიშნულის შემდეგ პარტიის განცხადებით, ნიღბიანი პირი გაიქცა, დანარჩენებს კი დაუყვირა და გაქცევისკენ მოუწოდა.
უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს რამდენიმე დღეა უცხოური ან ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან, რომ სახლთან დახვდებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.
8 მაისს ღამით განხორციელდა თავდასხმები ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ. მათ შორის, 8 მაისს, ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, რომელიც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმა ჩიქოვანი. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.
თავდასხმები გაგრძელდა 9 მაისის ღამითაც. კერძოდ, საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრ ბორის ჩელე ყურუას და პარტია „ახალის“ წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს. ასევე ნიღბიანი პირები იყვნენ ჩასაფრებული ზურა ჯაფარიძის სახლთანაც.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს