,,მიხოს ბაღები” ქლიავის წვენის წარმოებას გეგმავს

ბროწეულის წვენის მწარმოებელი კომპანია “მიხოს ბაღები” ქლიავის წვენის წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ “მიხოს ბაღების” დამფუძნებელმა მიხეილ ღვინიაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე თქმით, ქლიავის წვენის წარმოება მოსავლის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
,,ბროწეულთან ერთად მაქვს ქლიავის ნერგებიც, რომლის მოსავალს წელს ველოდებით და ვნახოთ, როგორი მოსავალი მექნება. ქლიავის მოსავალი ზაფხულში იქნება” – აცხადებს მიხეილ ღვინიაშვილი.
გარდა ამისა, მან ბროწეულის წვენზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მიხოს ბაღები” ბროწეულის წვენს უკვე 3 წელია აწარმოებს და პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება.
მისივე თქმით, ბროწეულის წვენი ყოველწლიურად სრულად, ყველა ბოთლი იყიდება.
,,ამ ეტაპზე მხოლოდ ბროწეულის წვენს ვაწარმოებ. მაქვს საკუთარი ბროწეულის ბაღი, რომელიც მდებარეობს დედოფლისწყაროში. საწარმოც დედოფლისწყაროში მაქვს. ბროწეული როდესაც მომწიფდება, იტალიური დანადგარი ბროწეულს აცლის ქერქს და მხოლოდ გულს ვწურავ. დაწურულ წვენს ვუკეთებ პასტერიზებას და ვყიდი ორ პროდუქტს. “ბროწეულის ნატურალური წვენი” არის 100%-ით ბროწეულის წვენი – შაქრის და სხვა მინარევების გარეშე, ხოლო “ბროწეულის ნექტარს” შაქარ-წყალი და ლიმონმჟავა აქვს დამატებული. წვენების რეალიზება ხდება ონლაინ და ასევე, ერთ სადისტრიბუციო კომპანიასთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომელიც იბარებს ჩემს წვენს”, – აცხადებს მიხეილ ღვინიაშვილი.