რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის თავდასხმის სამიზნე იყო ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო

13 მარტს, დილით, ს რამდენიმე რეგიონი გახდა უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევის სამიზნე – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა რეგიონული ოფიციალური პირები რიაზანიდან Rosneft-ის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან. 12 მარტს კი დრონმა მნიშვნელოვნად დააზიანა Lukoil-ის გადამამუშავებელი საწარმო.
სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო სისტემამ ექვსი რეგიონის თავზე ჩამოაგდო უკრაინის დრონები – 35 ვორონეჟში, 25 ბელგოროდში, რვა-რვა ბრიანსკსა და კურსკში, ერთი ლენინგრადში და ერთი რიაზანის რეგიონში.
მოსკოვიდან 180-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე რიაზანის რეგიონის გუბერნატორის, პაველ მალკოვის თქმით, დრონით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა Rosneft-ის საწარმოს.
წყარომ უკრაინის უშიშროების სამსახურიდან სააგენტო “როიტერსს” უთხრა, რომ რუსეთში ნავთობის გადამამუშავებელი სამი საწარმო – რიაზანში, კსტოვოსა და კირიშიში – გახდა უკრაინის დრონების სამიზნე, იმ ფონზე, როცა ცდილობს მაქსიმალური ზარალი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას.
პარალელურად, რუსეთის ბომბებს და დრონებს 13 მარტს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე პირი დაიჭრა დონეცკისა და სუმის რეგიონებში – იუწყებიან უკრაინის ოფიციალური პირები.

ასევე დაგაინტერესებთ