საქართველოში 346 280 პენსიონერს 405 871 576 ლარის საპენსიო სესხი აქვს აღებული

საქართველოში 346 280 პენსიონერს და სოციალური შემწეობის მიმღებს 405 871 576 ლარის საპენსიო სესხი აქვს აღებული.
„ლიბერთი ბანკის“ მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტალში საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი შემცირებულია და მთლიანად ლიბერთი ბანკის საკრედიტო პორტფელის (2.86 მილიარდი ლარის) 14%-ი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1132 ლარია.
მეოთხე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 28.8%-ს შეადგენდა, ხოლო ნომინალური 25.6%-ს.
ცნობისთვის, 22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და „ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, პროცენტი შეუმცირდებათ და იმ პროცენტს გაუტოლდება, რომელიც 2023 წლიდან დაწესდა. ეროვნული ბანკის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ლაშა გზირიშვილის ინფორმაციით, იმ სესხების რაოდენობა, რომლებიც აღებულია 2023 წლის იანვრამდე და არ არის დაფარული, არის დაახლოებით 151 ათასი სესხი და მათზე საპროცენტო განაკვეთი 30%-ს აჭარბებს.