„ხის გარდა ყველა დეტალის შემოტანა გვიწევს, რაც პროდუქციას გვიძვირებს“ – როგორ ვითარდება ხის სათამაშოების ბიზნესი

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ცაცია ოსტატი“, რომელიც დედოფლისწყაროში მდებარეობს, მომხმარებელს ხის სათამაშოებს და სუვენირებს სთავაზობს, კომპანია ბაზარზე დაახლოებით სამი წელია რაც ოპერირებს, საწარმოში 5 ადამიანს ასაქმებს და ყოველთვიურად 4000 ერთეულ სათამაშოს ამზადებს. „ცაცია ოსტატი“ მიმდინარე წლის იანვარში გერმანიაში სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024 მონაწილეობდა.
რომელ ქვეყნებში გეგმავს „ცაცია ოსტატი“ სათამაშოების ექსპორტს და როგორია მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე – ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ცაცია ოსტატის“ დამფუძნებელმა შოთა შანშიაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მომხმარებელს სათამაშოს შეძენა საცალოდ არ შეუძლია, რადგან კომპანია თანამშრომლობს საბავშვო ნაკრებ „კოშკთან“ და კომპანიის მიერ წარმოებული სათამაშოები ბავშვებს სიურპრიზის სახით სწორედ „კოშკის“ შეფუთვაში ამოსდით, თუმცა როგორც შანშიაშვილი აღნიშნავს, მოლაპარაკებებს რამდენიმე სათამაშოების მაღაზიასთან აწარმოებს და გაზაფხულიდან შესაძლოა დახლებზეც იყოს წარმოდგენილი.
„წელს გამოფენაზე უკვე მეორედ ვიყავით, გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა კომპანიების და სათამაშოების მაღაზიის წარმომადგენლებთან რომლებიც ჩვენი პროდუქციით დაინტერესდნენ, ამჟამად გვაქვს მიწერ-მოწერა. ზოგიერთ მათგანს სურს, რომ თავისი დიზაინით შევქმნათ პროდუქცია, ზოგს ჩემი დიზაინი მოსწონს, რადგან ჩვენი პროდუქცია უნიკალურია, პროფესიით ხის მხატვრულად დამუშავების სპეციალისტი ვარ, დაწყებული გვაქვს ბრენდინგზე მუშაობა და რამდენიმე თვეში გვექნება ახალი ლოგო, ამ ყველაფერს შემოდგომაზე სერტიფიცირებას მივაყოლებთ და შეგვეძლება ვთქვათ, რომ საექსპორტოდ პროდუქტი მზად გვექნება. ევროპაში პროდუქტების სერტიფიცირება მოთხოვნადია და ამ მიმართულებით არა მარტო ჩვენ, არამედ დანარჩენ კომპანიებსაც ბევრი სამუშაო გაქვს.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ახლო მომავალში ვაპირებთ საცალო გაყიდვების დაწყებასაც, რადგან ჩვენი გაცნობისთვისაც კარგი იქნება, რომ საზოგადოებამ B2B კუთხითაც გაგვიცნოს.
ინტერნეტით გაყიდვები ვცადეთ, მაგრამ რადგანაც საწარმო რეგიონშია, პატარა ზომის სათამაშოები კი 20 ლარამდე ღირს და ამას მიტანის საკომისიოც ემატება, ძვირდება და გაყიდვა უჭირს, ალბათ ვნახავთ კომპანიას, რომელსაც თავისი საწყობი ექნება. ერთ-ერთ ასეთ კომპანიად „ველი სთორი“ მოიაზრება“- აღნიშნა შოთა შანშიაშვილმა.
შანშიაშვილი ამბობს, რომ კომპანია „კოშკთან“ დაბალ მარჟაზე უწევთ მუშაობა, თუმცა ამ ეტაპზე კვალიფიკაციის ამაღლების და ცნობადობის გაზრდის კუთხით ეს პირობები მისაღებია.
„სამომავლოდ შეიძლება მიწოდება „კოშკთან“ შევამციროთ და სხვაგან გავზარდოთ.“- აცხადებს შოთა შანშიაშვილი
კომპანია „ცაცია ოსტატის” ინვესტიცია ჯამურად 400 000 ლარია, საიდანაც 79 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს UNDP გრანტია.
„ჯამური ინვესტიცია თავის შენობის შეძენით 400 000 ლარია, რაც ჩემი 10-წლიანი ემიგრაციით დაგროვილი თანხაა, ამ 400 000 ლარიდან 79 000 ლარი არის სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი, რომელიც დანადგარების შეძენაში ძალიან დაგვეხმარა.
რაც შეეხება ნედლეულს, წარმოებაში ქართულ ხეს ვიყენებ, ძალიან რთულია, რომ საქართველოში კარგი გამომშრალი ხე იშოვო, სათამაშოს სხვანაირი ხით ვერ გააკეთებ. მასალით მომარაგება მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ რის, მცირე საწარმოებს ხარისხიანი ხის მოპოვება ძალიან გვიჭირს.
კომპანიებთან რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ესპანური და გერმანული კომპანიებია და მათ სურს, რომ ჩვენი პროდუქცია ჩინური პროდუქციის საფასო სეგმენტში გავიყვანოთ, თუმცა ჩვენ პროდუქტის ამ ფასში შეთავაზება არ შეგვიძლია, რადგან ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც ყველაფერი თავისი აქვს, ჩვენ ხის გარდა ყველა დეტალის შემოტანა გვიწევს, რაც პროდუქციას ძალიან გვიძვირებს“- აღნიშნა შოთა შანშიაშვილმა.