საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქალაქეების დაკავებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი კნოლევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე. წ ბორდერიზაციის ფარგლებში ჩასვეს ძელები და მავთულხლართები გაავლეს. სოფლის საძოვრების და სახნავ-სათესი ფართობების დიდი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
კნოლევის მცხოვრებთა თქმით, ამ ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ სოფლის მოსახლეობა ვეღარ გადაადგილდება და შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ან საძოვრების დანიშნულებით გამოყენებას ვეღარ ახერხებს.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ