ხორბლის იმპორტი საქართველოში 11%-ით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტი კი 43.7%-ით შემცირდა

2023 წელს ხორბლის იმპორტი საქართველოში 11%-ით შემცირდა, გასული წელს იმპორტი 58 მლნ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 65 მლნ დოლარი იყო. ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ხორბლის იმპორტის ღირებულება წლიურად 11.0%-ითაა შემცირებული 2023 წელს, ხოლო მოცულობა 20.7%-ით გაიზარდა, რაც შემცირებული საშუალო იმპორტის ფასითაა გამოწვეული.
„2024 წლის იანვარში ხორბლის ფასი თვიურად 10.4%-ით შემცირდა. შავი ზღვის საფრთხეებისა და გლობალური რეცესიის რისკის შემცირების ფონზე, რისკ-პრემიუმი იკლებს და შესაბამისად ფასებიც თანდათანობით მცირდება. დამატებით, ინდოეთში ხორბლის წარმოებამ შესაძლოა რეკორდულ 114 მილიონ ტონას მიაღწიოს, რაც თავისსავე რეგიონებში არსებულ დეფიციტს აღმოფხვრის. მეორეს მხრივ, ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში მოსავალი მოულოდნელად გრძელმა წვიმების სეზონმა დააზიანა. ამასთან, ანალიტიკოსები ელიან რომ El Nino აგრო- პროდუქტების გლობალურ მიწოდებას 2024 წელს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
რაც შეეხება აზოტოვანი სასუქების ექსპორტის ღირებულებას, ის წლიურად 43.7%-ით შემცირდა 2023 წელს, რაც ფასების მკვეთრ კლებას უკავშირდება, რამეთუ ექსპორტის მოცულობა წლიურად მხოლოდ 2.6%-ითაა შემცირებული.
„2024 წლის იანვარში ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა. მიუხედავად მცირე ზრდისა, ის წლიურად 35.3%-ითაა შემცირებული, რაც მისი წარმოების ძირითადი კომპონენტის – ბუნებრივი აირის ფასების კლებითაა განპირობებული. როგორც ჩვენს წინა მიმოხილვებში იყო აღნიშნული, ფასები მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია ერთმანეთის საპირწონედ მოქმედი ფაქტორებით. ერთის მხრივ, ჩინეთი საკუთარი მარაგების შევსებაზეა ორიენტირებული, რაც პოტენციურ მიწოდებას ამცირებს. მეორეს მხრივ, დაბალი ფასების ფონზე, ინდოეთის მთავრობა სასუქებზე სუბსიდიების შემცირებას აპირებს პირველი აპრილიდან. ამ განცხადების ფონზე, სასუქების მწარმოებელი ინდური კომპანიების აქციების ფასები შემცირდა, რადგან შესაძლოა აგრო ქიმიკატებზე მოთხოვნა შემცირდეს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.