ოქროს ექსპორტიდან საქართველომ გასულ წელს 89 მლნ დოლარი მიიღო – როგორ შეიძლება შეიცვალოს წელს ძვირფასი ლითონის ფასი?

ოქროს ექსპორტიდან საქართველომ გასულ წელს 89 მლნ დოლარი მიიღო, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ოქროს ექსპორტის ღირებულება წლიურად 8.9%-ით გაიზარდა 2023 წელს, რაც ფასების მატებითაა გამოწვეული, რადგან მოცულობა წლიურად მხოლოდ 1.5%-ითაა გაზრდილი 2.7 ტონამდე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარში ოქროს ფასი თვიურად 1.1%-ით შემცირდა. მიუხედავად მცირე კლებისა, მიმდინარე წელს ის ფსიქოლოგიურ ნიშნულზე, $2,000-ზე დაბლა არ ჩამოსულა. UBS-ის ანალიტიკოსების მიხედვით, გასული წლის რეკორდულ ზრდაში ჩინელი საცალო ინვესტორების წვლილი არასაკმარისად იყო შეფასებული, რომლებმაც ადგილობრივი ბირჟის და უძრავი ქონების ბაზრის მერყეობის ფონზე ოქროს მიმართეს რისკების ჰეჯირებისათვის და მასზე მოთხოვნა გაზარდეს. მსოფლიო ოქროს კავშირის (WGC) მიხედვით, ჩინეთი ოქროს ფასის განმსაზღვრელი ფაქტორი არ ყოფილა, მაგრამ ეხმარებოდა მას მაღალი ნიშნულის შენარჩუნებაში.
ოქროს სხვა მნიშვნელოვანი მომხმარებლების – ცენტრალური ბანკების მხრიდან 2023 წლის მე-4 კვარტალში მოთხოვნა ოქროზე შემცირდა 229მტ-მდე 2022 წლის მე-4 კვარტალში დაფიქსირებული 382მტ-დან. წლიურ ჭრილში, მათი შესყიდვები 4%-ით შემცირდა 1,037მტ-მდე 2023 წელს. მიუხედავად მცირე კლებისა, ინვესტორების განწყობაზე შესაძლოა ამ ფაქტს დიდი გავლენა ჰქონდეს, რადგან ცენტრალური ბანკების შესყიდვები გასული ორი წლის განმავლობაში ოქროს ფასის ზრდის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო.
დამატებით, FED-ის მმართველის, ჯერომ პაუელის განცხადებით, განაკვეთების კლება მარტში მოსალოდნელი არ
არის. მიუხედავად ცენტრალური ბანკების ამ ეტაპზე უარყოფითი გავლენებისა, უოლ სტრიტი ძვირფასი მეტალის
ფასის ზრდას ელის 2024 წელს, რაც წლის განმავლობაში განაკვეთების შემცირებითა და ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს მოსალოდნელი შესყიდვებით იქნება განპირობებული.

ასევე დაგაინტერესებთ