„ადამიანები, სამი თვე რომ ვარჯიშობდნენ, თვლიდნენ, რომ დამოუკიდებლად ფრენა შეეძლოთ. ეს აღარ იქნება” – ირაკლი კაპანაძე

თითქმის 18-თვიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები სამ ლოკაციაზე – გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში აღდგა. ახალი დადგენილებით ფრენების აღდგენამდე პილოტებს შესაბამისი ლიცენზია უნდა მიეღოთ.
რამდენმა პილოტმა გაიარა სერტიფიცირების პროცესი და რა მდგომარეობაა კომერციული ფრენების მიმართულებით თემაზე საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კაპანაძემ მედია ცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში ისაუბრა. მისი თქმით დღეის მდგომარეობით საქართველოში სერტიფიცირება 90-მდე მფრინავს აქვს გავლილი, მათ შორის 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ სერტიფიცირებული 90 პილოტიდან 60 ადგილობრივი და 15 უცხოელი პილოტის საქმიანობა კომერციულია, ხოლო დარჩენილი 15 თავისთვის დაფრინავს.
„პარაპლანისტებს საკუთარი თავის ფრენებისთვის გამოყოფილი ექნება G კლასის საჰაერო სივრცე, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს, ეს შესაძლოა, იყოს სტრატეგიული ობიექტი, სამხედრო ბაზა – ამის თავზე ფრენა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, საქართველოს საჰაერო სივრცის სამი/მეოთხედი G კლასია“, – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.
კაპანაძემ პრესკლუბში იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რაც რეგულაციების ამოქმედებამდე უბედურ შემთხვევებს იწვევდა და განმარტა, რომ მაშინ როდესაც 5-6 პარაპლანი დაფრინავს, უბედური შემთხვევის ალბათობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე მაშინ როცა ადგილას 100 პარაპლანი დაფრინავს.
„ჩვენ, სწორედ ამ მოცემულობამდე მივედით, როცა საფრენი აპარატების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ასევე, უკონტროლოდ გაიზარდა მფრინავების რაოდენობა. ადამიანები, სამი თვე რომ ვარჯიშობდნენ, თვლიდნენ, რომ დამოუკიდებლად ფრენა შეეძლოთ. ეს აღარ იქნება.
აქამდე პრობლემა ნამდვილად იყო, ერთდროული ფრენები. აწი, ოპერატორი კომპანია, ან სკოლა რომელიც ადგილზე იმუშავებს, უზრუნველყოფს ამ ფრენების რიგითობას და წესრიგს. ოპერატორები არიან კვალიფიციურ ადამიანთა გუნდი, რომლებიც ხელმძღვანელობენ თანმიმდევრულად გაწერილი ოპერირების წესებით. ეს მოიცავს, როდის შეიძლება ფრენა, როგორი უნდა იყოს სტარტები რომელი მანევრია დასაშვები, როგორი უნდა იყოს ღრუბლიანობა, ქარის სიმძლავრე/მიმართულება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გაწერილი აქვს ოპერატორ კომპანიას, რაც აქამდე ქაოსური იყო“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, პარაპლანით ფრენა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ივლისში მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრენის დროს 2 ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. ერთი წლის თავზე კი, სექტორს ფრენების აღდგენის ნებართვა მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემთხვევაში მიეცა.

ასევე დაგაინტერესებთ