5.5 მლნ ლარის ინვესტიცია, 18-ნომრიანი სასტუმრო, რესტორანი – მთავრობამ „ჯინო ველნეს გრუპს“ ბაკურიანის პროექტში საინვესტიციო პირობები შეუცვალა

საქართველოს მთავრობამ კომპანია „ჯინო ველნეს გრუპს“ ბაკურიანში სასტუმროს პროექტის განხორციელებისთვის საინვესტიციო პირობები შეუცვალა.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ცვლილება შეეხო „ჯინო ველნეს გრუპისთვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ 2016 წელს გამოცემულ განკარგულებაში. კომპანიას სხვა ცვლილებებთან ერთად საინვესტიციო ვალდებულება გაეზარდა.
პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ ინვესტორმა არანაკლებ 18-ნომრიანი სასტუმრო და რესტორანი 2027 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს. გარდა ამისა, ინვესტიციის მოცულობა სულ მცირე 5 550 855 ლარს უნდა შეადგენდეს. ამასთან, „ჯინო ველნეს გრუპი“ ვალდებულია, რომ ცვლილებების შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე 100 000 ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წარადგინოს, რომლის მოქმედების ვადაც 2028 წლის პირველი მარტის ჩათვლით განისაზღვრება.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2016 წელს სახელმწიფომ ინვესტორ „ჯინო ველნეს გრუპს“ დაბა ბაკურიანში 76 308 კვ.მ-ის ფართის ქონება 500 000 ლარად გადასცა, თუმცა „ჯინო ველნეს გრუპმა“ აღნიშნული ქონება 2022 წლის ნოემბერში სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუბრუნა. სანაცვლოდ კი ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე 4 704 კვ.მ-ის ფართობის ქონება გადაეცა. 11 ივლისის განკარგულება, სწორედ ამ მიწის ნაკვეთთან მიმართებით ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს.
ცნობისთვის, „ჯინო ველნეს გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძეა.

ასევე დაგაინტერესებთ