49 ოჯახს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდა

თბილისის მერი კახა კალაძე, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად,  ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდათ.

ყვარლის, ტვიშის, უშაკოვისა და ყვარლის II შესახვევის ქუჩების მოსახლეობას მიწის ნაკვეთების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ. აღნიშნულ ოჯახებს საკუთრებაში საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ, თუმცა სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

თბილისის მერის განცხადებით, პრობლემა, რომელიც  ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს აწუხებდათ, მისი საარჩევნო დაპირების შესაბამისად გადაჭრილია.

„ჩემი საარჩევნო დაპირება იყო დაკანონება, როგორც მიწების, ასევე საცხოვრებელი ფართების, სადაც მოქალაქეები წლებია ცხოვრობენ და თაობები გაზარდეს. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. 49 ოჯახია, ვისაც მიწები დაუკანონდათ და საკუთრებაში გადაეცემათ. ისედაც მათი იყო, უბრალოდ დაკანონებული არ ჰქონდათ, რის გამოც, ძალიან ბევრ პრობლემებს აწყდებოდნენ. როცა რამის აშენება სჭირდებოდათ, შეუძლებელი იყო, რადგან ეს ყველაფერი უკანონოდ ითვლებოდა. დღეიდან, ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ მიწაზე განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც მათ სურთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.