40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნების შემთხვევაში დაებეგრებათ – ოპოზიცია ხელისუფლებას თაღლითობაში ადანაშაულებს

„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“, ხელისუფლებას მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება საპენსიო რეფორმას.

ოპოზიციური გაერთიანების წევრების თქმით, საქართველოს მთავრობა თაღლითური სქემის მეშვეობით, დაახლოებით 200 ათასი მოქალაქისა და მათი დამსაქმებელი კომპანიებისგან აპირებს ბიუჯეტის შევსებას.

კერძოდ, სავალდებულო საპენსიო რეფორმაში 40 წელს გადაცილებული დასაქმებულები იმ პირობით ჩართეს, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ მათ ექნებოდათ საპენსიო სქემის დატოვების საშუალება და გადარიცხული თანხა სრულად დაუბრუნდებოდათ უკან. თუმცა საპენსიო სააგენტოდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ თუ პიროვნება დატოვებს საპენსიო სქემას, თანხის დაბრუნებისას მის მიერ დაგროვებული თანხა დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ხოლო ცალკე კომპანიებისთვის დასაბრუნებელი თანხა დაიბეგრება 20%-ით.

ოპოზიციის განცხადებით, ამ მანიპულაციით ბიუჯეტში დასაქმებულებისა და კომპანიების გადახდილი თანხებიდან რამოდენიმე მილიონი ლარი მოხვდება.

“რეფორმის დაწყებიდან 3 თვის თავზე საკუთარი მოქალაქეების მოტყუების მცდელობა გვაფიქრებინებს, რომ “ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის მიზანი არა საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობაა, არამედ ამ ე.წ. რეფორმის მიზანი მოქალაქეებიდან და კომპანიებიდან დამატებითი თანხების მობილიზებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა და “ქართული ოცნების” ჩინოვნიკები საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენებენ,”-აცხადებს შუშანია.

">