BBC-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება, რომელიც 2024 წელს საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის დარბევას ეხება, საგანგაშო ფაქტებს ააშკარავებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT) ავრცელებს.
მოცემული გამოძიების მიხედვით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2024 წლის პროტესტების დროს გამოყენებული იყო არა ჩვეულებრივი ცრემლმდენი აირი, არამედ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი ე.წ. „კამიტე“, რომელიც ცნობილია თავისი ხანგრძლივი, დამწვრობის მსგავსი დაზიანებებითა და მძიმე გავლენით სასუნთქ და კარდიოვასკულარულ სისტემებზე.
GCRT-ის თანახმად, საერთაშორისო სამართალი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ დემონსტრაციის დაშლის მიზნით გამოყენებული ნებისმიერი ქიმიური საშუალება უნდა იყოს დროებითი მოქმედების და ჯანმრთელობის ხანგრძლივ ზიანს არ უნდა იწვევდეს. „კამიტეს“ ტიპის აგენტებს კი ახასიათებთ გრძელვადიანი ტოქსიკური გავლენა, რომელიც დღეებსა და კვირებს გრძელდება.
“შესაბამისად, ასეთი ქიმიკატების გამოყენება მასის მართვის ლეგიტიმურ ინსტრუმენტად ვერ ჩაითვლება. ის უკვე გადადის ტანჯვისა და არაადამიანური მოპყრობის კატეგორიაში. საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით, რომლის მონაწილე არის საქართველოც, ამ ტიპის ნივთიერებების გამოყენება მკაცრად არის აკრძალული”.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში მკაფიოდ აღნიშნა, რომ მოსახლეობა არაფრით შეიძლება გახდეს ექსპერიმენტული ქიმიური იარაღის სამიზნე. ქიმიური აგენტი, რომლის ეფექტიც საათების ნაცვლად დღეებსა და კვირებს გრძელდება, შესაძლოა შეფასდეს როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა.
GCRT-ის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს სრული გამჭვირვალობა და გაასაჯაროოს შემდეგი ინფორმაცია:
· რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების დარბევისას;
· ვინ მიიღო გადაწყვეტილება მისი შემოტანისა და გამოყენების შესახებ;
· რატომ გამოიყენა პოლიციამ ისტორიულად საშიში და ადამიანისთვის მძიმე შედეგების მქონე ქიმიკატი.
“ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი – ეს უკავშირდება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ღირსებასა და უსაფრთხოებას. საჭიროა მომხდარი ფაქტის დამოუკიდებელი, სარწმუნო და დროული გამოძიება, პასუხისმგებელი პირების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება იცოდნენ სიმართლე და იყვნენ დაცულნი.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში GCRT ემსახურება და უწევს ფსიქო-სოციალურ და სამედიცინო დახმარებას აქციების დროს დაზარალებულ ადამიანებს, რომლებმაც წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიარეს, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გქონდათ მსგავსი გამოცდილება, დაგვიკავშირდით. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.




