2024 წელს შიდა ვიზიტორთა დანახარჯები 7.2 მლრდ ლარს მიაღწევს – WTTC

2024 წლის I კვარტალში შიდა ვიზიტორების მთლიანმა დანახარჯებმა 798 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 8.6%-ით მეტია 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში. რაც შეეხება დანახარჯების განაწილებას, ყველაზე დიდი ადგილი უკავია საყიდლების (35%), საკვებისა და სასმლის (21%) და ტრანსპორტის (19%) დანახარჯებს.
PMCG-ის მიხედვით, მიმდინარე წლის I კვარტალში, შიდა ვიზიტების რაოდენობამ 4.7 მილიონს მიაღწია, რაც 7%-ით აღემატება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ თავდაპირველად, შიდა ტურიზმის მზარდ ტენდენციას პანდემიით გამოწვეული ცვლილებები განაპირობებდა. თუმცა, 2022 წლის შემდგომი დინამიკა შესაძლოა შეცვლილი იყოს, რადგან რუსი, ბელორუსი და უკრაინელი იმიგრანტების დიდი რაოდენობა უკვე რეზიდენტებად მოიაზრებიან. ამდენად, შიდა ტურიზმის ზრდა არ მიუთითებს აუცილებლად იმაზე, რომ უფრო მეტი ქართველი ისვენებს ქვეყნის შიგნით.
შიდა ვიზიტორთა განაწილება მონახულებული რეგიონების მიხედვით 2024 წლის I კვარტალში 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მსგავსია. შიდა ვიზიტორებისთვის ძირითადი დანიშნულების ადგილი იყო თბილისი (მთლიანი ვიზიტების 24%), რასაც მოსდევდა იმერეთი (18%) და აჭარა (10%).
2021-დან მომდევნო წლების კვარტალურ მაჩვენებლებზე დაკვირვებით შეინიშნება ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობის კლების ტენდენცია. 2024 წლის I კვარტალში ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 1.2 ღამეა, რაც 2023 წლის (1.3 ღამე) და 2019 წლის (1.4 ღამე) შესაბამის პერიოდებთან შედარებით მცირედით შემცირებული მაჩვენებელია.
WTTC-ის შეფასებით, 2024 წელს შიდა ვიზიტორთა დანახარჯები 7.2 მილიარდ ლარს მიაღწევს (10.1%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით), – ნათქვამია, PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში.