“2024 მეღვინე-მევენახეებისთვის კარგი წელია. ამიტომ, 5 სახეობის ღვინოს ჩამოსხმას ვგეგმავთ” – “დევის მარანი”

გურჯაანის რაიონში, სოფელ კარდანახში მდებარე საოჯახო მეღვინეობა „დევის მარანი“ ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა. მარნის დამფუძნებელმა, ვენახები 2021 წელს შეიძინა, ხოლო 2022 წელს, შპს დევის მარანი დააფუძნა.
როგორც „დევის მარნის“ დამფუძნებელი, გიორგი ლონდარიძე BM.GE-სთან აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელი მეღვინეობა – მევენახეებისთვის კარგი წელი იყო, შესაბამისად მომავალი წლისთვის, 5 სახეობის ღვინო ჩამოისხმება.
მისივე თქმით, პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ონლაინ ხდება და მასზე მოთხოვნა ბაზარზე უკვე არსებობს, არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთიდანაც.
„2021 წელს ვენახი გურჯაანის რაიონ, სოფელ კარდენახში შევიძინეთ. სოფელი კარდანახი საქართველოში არის ერთადერთი, რომელსაც სამი ადგილწარმოშობის ღვინო გააჩნია. ესენია კარდენახი, წარაფი და ახოები. ღვინის ბაზარზე პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს 8000 წლიანი ღვინის წარმოების ისტორიაში, ჩვენი მარნის ღვინო ადგილს დაიკავებს და ისტორიას გააგრძელებს. 2023 წელი მევენახეებისთვის ცუდი წელი იყო, აქედან გამომდინარე 2024 წელს ჩვენს მარანში რქაწითელი და ვარდისფერი რქაწითელი მცირე რაოდენობით ჩამოისხა. გარდა საკუთარი ვენახებისა, ნედლეულს ადგილობრივი მევენახეებისგან ვიბარებთ.
ღვინოს ძირითადად ონლაინ და სხვადასხვა გამოფენებზე ვყიდით, სადაც მონაწილეობას აქტიურად ვიღებთ. რაც შეეხება ექსპორტს, არაერთი შემოთავაზება გვქონდა, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ვაწარმოებთ შესაბამის რაოდენობას, რომ მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება მხოლოდ გასულ წელს შევძელით. წლიურად, 10 ტონა ყურძენს ვაწარმოებთ და 1000 ბოთლ ღვინოს ვასხამთ “,- აცხადებს მეღვინე.
ლონდარიძის ინფორმაციით, მომხმარებლის მხრიდან, დიდი დაინტერესებაა შიდა ქართლის და დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებზე. სამომავლო პერსპექტივაში მარნის გაფართოება იგეგმება, რათა წარმოების ზრდის შესაძლებლობა იყოს.
ინფორმაციისთვის, „დევის მარანი“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც გურჯაანში, სოფელ კარდანახში მდებარეობს. მის სრულად მოსაწყობად, 50-60 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელდა.