22 აგვისტოს BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ლიდერები სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში BRICS-ის მე-15 სამიტისთვის იკრიბებიან, თუმცა სამიტს რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ვერ ესწრება. მის ნაცვლად იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა. ამის შესახებ TASS იტყობინება.
როგორც რუსული გამოცემა წერს, პუტინი სამიტის მონაწილეებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართავს. მისი სამიტზე არგამოცხადების მიზეზი კი უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის, მის მიმართ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გამოცემული დაპატიმრების ორდერია.
იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ აფრიკასა და რუსეთს ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, სამხრეთ აფრიკა საერთაშორისო სასამართლოს ხელშეკრულების ხელმომწერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ვალდებულია პუტინი ICC-ის ორდერით დააპატიმროს, თუ ის სამხრეთ აფრიკის მიწაზე ფეხს დადგამს.
სამიტის დღის წესრიგთან დაკავშირებით კი ცნობილია, რომ 5 ქვეყნიანი ბლოკის გაფართოების შესახებ დისკუსიები 22-24 აგვისტოს მიმდინარე სამიტის მთავარი განხილვის თემა იქნება, რაზეც განაცხადი 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიტანა. ამასთან დაკავშირებით წლევანდელი სამიტის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, კირილ რამაფოსამ მხარი დაუჭირა ბლოკის გაფართოებას, კერძოდ კი ირანის ახალ წევრად მიღებას.
BRICS ამ დროისთვის ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს. მოსკოვი ჯგუფს, გლობალურ საკითხებში, აშშ-ის ხელმძღვანელობით დასავლეთის მნიშვნელოვან და გავლენიან საპირწონედ მიიჩნევს.
კომენტარები