საქართველოს რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ. გიდასტურებთ და ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდების პროცედურები განმარტა.
მისივე თქმით, ამ მიზნით მათ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით უკვე მიმართეს.
„გაგზავნილია წერილი პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც პროცედურულად ხდება, იმის შესახებ, რომ ის არის უკვე გამოწვეული“, – განაცხადა მდინარაძე.
მან ასევე განმარტა, საკითხზე სპეკულაციები ოპოზიციაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისინი შესაძლოა გადააგდოს“, უნდა დასრულდეს.
„სპეკულაციები მორჩეს, თუკი ვინმეს უნდა ახლა ამ ფორმალიზმთან დაკავშირებით მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზე, პირდაპირ რომ დავარქვათ თავის სახელი. დღეს თუ კიდევ აპირებენ, ამ მუხტის გაზრდა. აბსოლუტური სპეკულაციაა, ტექნიკური და ფორმალური დეტალებზე ახლა აქცენტის გადატანა და მუხტის შენარჩუნების მცდელობა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამაზე ხალხის ათმაგი პროტესტი იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.
კომენტარები