„არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას“ – ასე ეხმაურება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს.
დეკანოიძის თქმით, რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა, მით უფრო მცირეა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შანსი.
„მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები. თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) – ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა – უფრო არ გაუშვებენ მიშას.
მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს. რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმისა და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის“, – აცხადებს დეკანოიძე.
კომენტარები