საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი შედეგს ვერ მოიტანს.
წულუკიანის თქმით, პროტესტისთვის საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ოპოზიციას არ გააჩნია.
„ბევრი ბოიკოტი, ბევრი პროტესტი გვინახავს, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით მომდინარე დესტრუქციული ოპოზიციისგან და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არც ეს ბოიკოტი მოიტანს მათთვის სასიკეთო შედეგს. ქვეყნისთვის კი დასანანია. არ დადგა ის დრო ჩვენს ცხოვრებაში, რომ პარლამენტში სახელისუფლებო უმრავლესობას და მთავრობაში ხელისუფლებას გაგვიჩნდეს კომპეტენტური, ძლიერი ოპოზიციური შემადგენლობა იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად წავიდეს წინ. რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა. რაიმე პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, არ გააჩნია“, – განაცხადა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ცნობისთვის, 6 თებერვალს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი მოჰყვა. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ენმ“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის. მოგვიანებით ბოიკოტს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დეპუტატი თაკო ჩარკვიანი შეუერთდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციებს შეუერთდა პარტია „დროა“.
ხაბეიშვილის განცხადებას საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. „საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური, დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით“, – აცხადებს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. მელიას პოზიციას იზიარებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
კომენტარები