„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს უერთდება.
ხოშტარიას თქმით, სააკაშვილმა თავი მარტო არ უნდა იგრძნოს და იგი სახელმწიფოსგან მსგავს მოპყრობას არ იმსახურებს.
„მიიღეს სასტიკი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ თვალწინ ადამიანის ღირსებისა და ჯანმრთელობის შელახვა ხდება ასეთი თავხედური ფორმით. ამ პროცესს არანაირი საერთო არ ჰქონია არცერთ ეტაპზე სამართალთან, მორალთან ან რაიმე სიმართლის დადგენასთან. ეს არის პირდაპირი, ღია შურისძიება და ჩვენს თვალწინ ადამიანის გათელვა. ეს ადამიანი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მე არ ვიცი ვინ აღიქვამს დღეს ამას და ვინ არა, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
რა თქმა უნდა, ეს საკითხი სცდება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩარჩოებს. მე, პირველ რიგში, მინდა, ბატონ მიხეილს მივმართო ციხეში და ვუთხრა, რომ მან არ უნდა იგრძნოს თავი მარტო და ის არ იმსახურებს ასეთ მოქცევას და მან მინდა მიიღოს ჩემი პირადი და ჩვენი გუნდის მხარდაჭერა.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ვთქვი, ეს სცდება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩარჩოებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა იმ აქტივობებში, რაც არის აუცილებელი. მე ვთავაზობ თანამშრომლობას, კონსულტაციებს იმისთვის, რომ კოორდინირებულად, მკაფიოდ, გონივრულად ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნით. ეს არის პროტესტი, ეს არის აქციები იმისთვის, რათა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“, – განაცხადა ხოშტარიამ.
კომენტარები