საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
– ბატონო პაატა, სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ, ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეებს აფხაზეთში არ შეუშვებს.
მისი ეს განცხადება დიდად არ გამკვირვებია, მაგრამ, მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება არა ერთხელ შეაქო. ხოლო რაც შეეხება კონფლიქტებს თქვა – „მივესალმებით თუ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას დაიწყებენ.
რას შეიძლება ნიშნავდეს ინალ არძინბას განცხადება? იმას ხომ არა, რომ საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით კრემლი თავის ძველ პოზიციებზეა და ცდილობს თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის კონსულტაციებში ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ მონაწილეობდნენ?
– ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მე ასე არ დავინახავდი. საქმე ისაა, რომ მგონი რუსეთს, უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე სურს დასავლეთს ყველა მიმართულებით უკარნახოს თავისი პირობები. ან თუ ისე არ გამოდის, როგორც მას უნდა, მაშინ გააჩეროს ყველა პროცესი.
საქმე ასევე ისაა, რომ ინალ არძინბა არ წარმოადგენს აფხაზური საზოგადოების კონსოლიდირებულ აზრს, პირიქით, ის ჯერჯერობით უმცირესობაშია. აფხაზეთში საერთო საშუალო აფხაზობის კონსოლიდირებული აზრი არის პროაფხაზური, აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ფიქრობს.
ხოლო ინალ არძიბა აფხაზეთში ჩასმულია იმისთვის, რომელმაც უნდა აკონტროლოს ის, რასაც აფხაზეთის კრემლის ინტერესებიდან შორს არწასვლა ჰქვია. თავად აფხაზები ინალ არძინბას რუსეთის აგენტად მიიჩნევენ. თავადაც არიან პრორუსები, ანტირუსები არ არიან, მაგრამ ინალ არძინბა გამოკვეთილად რუსეთის აგენტია. პრაქტიკულად, მას არ გააჩნია არავითარი აფხაზური ინტერესები. მას აფხაზური გვარი აქვს, რეალურად კი მკაფიო გამოკვეთილი რუსეთის ჩინოვნიკია.
განცხადება რომელიც ინალ არძინბამ გააკეთა, აშკარად რუსეთის დავალება იყო და მან შეასრულა. სხვა შემთხვევაში, იგი ასეთ თამამ განცხადებებს არ და ვერ გააკეთებდა. ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეებმა მიზეზთა გამო გადაწყვიტეს თებერვლიდან აპრილში გადაეტანათ ჟენევის მორიგი რაუნდი. თითქოს არაფერი კატასტროფული არ მომხდარა. ისე ჩაიარა კორონავირუსმა, რომ ჟენევის რაუნდები საერთოდ არ ტარდებოდა. თანათავმჯდომარეებს მორიგი რაუნდი არ გაუუქმებიათ, მხოლოდ გადაიტანეს თვე ნახევრით, მაგრამ ამან მოსკოვში გამოიწვია წარმოუდგენელი და მოულოდნელი ისტერიკა.
რაც გააჟღერა ჯერ არძინბამ. განცხადება თანათავმჯდომარეების არშეშვების შესახებ გამაოგნებელი იყო. შეეძლოთ, სოხუმში მათ არძინბას ნაცვლად მისი მოადგილე შეხვედროდა და გაეკეთებინათ მსუბუქი დიპლომატიური დემარში. სოხუმმა საგანგებოდ, საჯაროდ ცხვირწინ მიუჯახუნა კარები ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეებს.
ამის შემდეგ ვნახეთ, რომ მოსკოვმა სოხუმს ქცევა მოუწონა, რასაც შემდეგ ვნახეთ, რომ ანალოგიური განცხადება ცხინვალმა გააკეთა. სოხუმმა და ცხინვალმა დასავლელი დიპლომატების წინააღმდეგ საერთო დიპლომატიური დემარშის დემონსტრირება მოახდინეს, მაგრამ იგი ვერ შედგებოდა, მოსკოვიდან რომ არ ჰქონოდათ ამის შესახებ მიღებული გზავნილი.
კომენტარები