ბორბალი
ძვ.წ. 3500 წელს შუმერებმა დაამზადეს. იგი წრისა და მოძრაობის სიმბოლოა, რაც ციურ სხეულებთან ასოცირდება. გარდა იმისა, რომ ბორბლის გამოგონებამ ადამიანს ყოველდღიური ცხოვრების ტვირთი შეუმსუბუქა და კაცობრიობის განვითარება დააჩქარა, მას ასტრალური დატვირთვაც ჰქონდა. ბორბალი, ბორჯღალი, რომელიც თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, ცაზე მოძრავი მზის სიმბოლოა. აქედან იღებს სათავეს წარმოდგენა მზის ეტლზე, რომელიც გავრცელებული იყო ძველ მითოლოგიაში.
კომპასი
პირველი კომპასი ჩინეთში გამოიგონეს, ჯერ კიდევ ჰანის დინასტიის პერიოდში. მე-12 საუკუნიდან ეს მოწყობილობა ევროპაშიც გავრცელდა და საბოლოოდ უდიდესი როლი შეასრულა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში. კომპასი მეტალისაგან დამზადებული მრგვალი კოლოფია. მის ცენტრში დამაგრებულია დამაგნიტებული ისარი.
საბეჭდი დაზგა
გერმანელმა გამომგონებელმა იოჰან გუტენბერგმა 1445 წელს საბეჭდი დაზგა გამოიგონა. ეს რევოლუციური ფაქტი იყო, რადგან იქამდე წიგნების ხელით გადაწერა ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. ხოლო ამის შემდეგ უფრო მასობრივად დაიწყო წიგნების გავრცელების პროცესი და მეტი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი, რამაც განმანათლებლობის იდეებისა და ინფორმაციის გავრცელება განაპირობა მთელ მსოფლიოში.
ტელეფონი
ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რატომ შეცვალა ამ გამოგონებამ მსოფლიო. ტელეფონმა შექმნის დღიდან ევოლუციის ხანგრძლივი ეტაპი გაიარა იქამდე, ვიდრე თანამედროვე სახეს მიიღებდა. დღეს მისი მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია დავუკავშირდეთ ადამიანებს და მივიღოთ უახლესი ინფორმაცია.
ინტერნეტი
ინტერნეტი მსოფლიოს ყველაზე დიდი და გლობალური ქსელია, რომელიც მილიარდობით ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ მისი დამსახურებით გახდა ცხოვრება უფრო მარტივი და ადამიანური კავშირები უფრო ახლო. მართალია, ინტერნეტ სივრცეს თან უამრავი უარყოფითი ფაქტორი ახლავს, რაც უმეტესად უსაფრთხოების და პირადი მონაცემების დაცვის საკითხს უკავშირდება, თუმცა წარმოუდგენელია მის გარეშე ცხოვრება. ინფორმაციულ ვაკუუმს თანამედროვე ადამიანი ვერ შეეგუება.
წყარო/ფოტო: Live Science
კომენტარები