მეორე მსოფლიო ომის დროს პამირის მთებში არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა. PR-5 თვითმფრინავში ერთი პილოტი და ექვსი მგზავრი იმყოფებოდა. ავარიული დაშვების დროს ყველა მათგანი გადარჩა, თვითმფრინავი კი დაიშალა. მაგრამ ის, რაც შემდეგ მოხდა, ადამიანური მორალის ყველანაირ ზღვარს სცდება. ამბავი ძალიან მძიმე მოსასმენია. ამიტომაც, თუ არ ხართ დარწმუნებულები, რომ ამის წაკითხვას შეძლებთ, ჯობს შეწყვიტოთ:
1942 წლის 16 თებერვალს PR-5 თვითმფრინავი დუშანბედან ხოროგის მიმართულებით გაფრინდა. ბორტზე იმყოფებოდა პილოტი ვასილი
კნიაჟნიჩენკო და ექვსი მგზავრი: პამირის სასაზღვრო ჯარის მაიორი მასლოვსკი, სახალხო კომისარიატის თანამშრომელი ვიხროვი, ტაჯიკეთის სახალხო კომისარიატის თანამშრომელი ჟუკოვსკი და ანა გურეევა, ხოროგის აეროპორტის თანამშრომლის მეუღლე. ანასთან ერთად ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო: ათი წლის გერი, საშა, რომელიც მისი მეუღლის შვილი იყო პირველი ქორწინებიდან და საკუთაში შვილი ვალერა, რომელიც ერთი წლისაც არ ყოფილა. ანუ 4 მამაკაცი, 1 ქალი და 2 ბავშვი. როგორც მიხვდით, ქალს მეუღლე არ ახლდა, ის მხოლოდ დაემგზავრა ამ რეისს ბავშვებთან ერთად. აფრენიდან საათ-ნახევრის შემდეგ თვითმფრინავი უკვე პამირის (მთათა სისტემა ცენტრალურ აზიაში. ძირითადად მდებარეობს ტაჯიკეთის რესპუბლიკაში) თავზე აღმოჩნდა. მთები იმდენად მაღალი იყო, რომ პილოტებს მწვერვალებს შორის ფრენა უჭირდათ. ამინდის გაუარესების გამო ხილვადობა გაძნელებული იყო. ამიტომაც პილოტი ცდილობდა თვითმფრინავი სულ უფრო მაღლა აეწია. მაგრამ ამ დროს კლდეს შეეხო და კონტროლი დაკარგა. შედეგად, ის მთებში 4400 მეტრ სიმაღლეზე ჩავარდა.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი დაიშალა, ყველა მგზავრი გადარჩა და სერიოზული ტრავმა არავის მიუღია. პილოტმა ყველას უბრძანა, რომ სასწრაფოდ გამოსულიყვნენ თვითმფრინავიდან – ზღვის დონიდან ასეთ სიმაღლეზე დიდხანს გაჩერება მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო, რადგანაც ჟანგბადის დეფიციტსა და ტემპერატურის ვარდნას ადამიანის მოკვლა რამდენიმე საათში შეეძლო. გარდა ამისა, საკვები თითქმის არ ჰქონდათ.
ანა გურეევას დღიურიდან:
“თვითმფრინავში ჩასხდომისას გვქონდა: კარაქი – 600 გრამი, სოსისი – 1000 გრამი, ყველი – 1200 გრამი, 1 ქილა კონსერვი და არაყი – 3 ლიტრი. დღეში ერთხელ ვჭამდით რამდენიმე გრამს. წყალი საერთოდ არ გვქონდა და 19 თებერვლამდე თოვლს ვიღებდით. თვითმფრინავი 3 საათისთვის ჩამოვარდა. 17:00-ზე კნიაჟნიჩენკო და ვიხროვი უკვე დაიძრნენ, რომ გზა გაეგნოთ უახლოეს სოფლამდე. ცხადი იყო, თუ მალევე არ გავიდოდით მთიდან, ყველა დავიღუპებოდით. 1 საათის შემდეგ ისინი, სამწუხაროდ, უშედეგოდ დაბრუნდნენ, რადგან ვერ იპოვეს გზა, რომლითაც დასახლებულ პუნქტს მივაგნებდით”.
მეორე დღეს, 17 თებერვალს, კნიაჟნიჩენკო და ვიხროვი კვლავ წავიდნენ მდინარის საძებნელად, თუმცა უშედეგოდ. თითქოს გასასვლელი არსად იყო.
“თვითმფრინავის გადარჩენილ ნაწილში ყველა ცდილობდა დაწოლილიყო და გამთბარიყო, მაგრამ ვერ ვეტეოდით. იმავე დღეს რამდენიმე თვითმფრინავმა გადაიფრინა, თუმცა ჩვენთვის ყურადღება არავის მოუქცევია. 21 თებერვალს საჭმელი თითქმის გათავდა. წყურვილიც და შიმშილიც, ფაქტობრივად, მხოლოდ მთის თოვლით უნდა მოგვეკლა, რაც შეუძლებელი იყო. 22 თებერვალს გასროლის ხმა გავიგეთ, მაგრამ არავინ გამოჩენილა სიახლოვეს”, – წერს ანა.
22 თებერვლის დილის შვიდ საათზე პატარა ვალერა გარდაიცვალა შიმშილით. იმავე დღეს 150 გრამი ყველი და 20 გრამი კარაქი შეჭამეს და ამით თვითმფრინავზე უკანასკნელი ლუკმაც გათავდა.
ანას დღიურში ვკითხულობთ:
“25 თებერვალი. ყველა მივხვდით, რომ თვითმფრინავის ლოდინის იმედი აღარ უნდა გვქონოდა. არც საჭმელი იყო, არც წყალი, არც სითბო. ვგრძნობდით, რომ ასე 2-3 დღე გავძლებდით. მასლოვსკი, ჟუკოვსკი, ვიხროვი და კნიაჟნიჩენკო ყოველდღე ეძებდნენ გასასვლელს.”
მამაკაცები წავიდნენ. თვითმფრინავის გადარჩენილ ნაწილში გურეევა ცოცხალ შვილთან და გარდაცვლილი შვილის გვამთან ერთად დარჩა. ისინი ქალს შეჰპირდნენ, რომ როგორც კი გზას გაიგნებდნენ, აუცილებლად დაბრუნდებოდნენ უკან და წაიყვანდნენ. დაუტოვეს 3 ასანთის ღერი და თოვლით სავსე ქილები.
გააგრძელეთ კითხვა
კომენტარები