კოლექტიური დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის გადაცემის შემდეგ სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება დაპირისპირებულ ძალებს შორის ძალთა ბალანსი, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინის ფრონტებზე, და როდის იქნება მზად უკრაინა შეტევითი ოპერაციის დასაწყებად, „ინტერპრესნიუსი“ რონდელის ფონდის მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
– ბატონო ზურაბ, ბოლო რამშტაინის დასულების შემდეგ უკრაინის გულშემატკივრებში იყო გარკვეული იმედგაცრუება იმის გამო, რომ გერმანიამ რამდენიმე დღით გადაავადა გადაწყვეტილების მიღება უკრაინისთვის „ლეოპარდების“ გადაცემასთან დაკავშირებით.
ახლა უკვე ვიცით, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უკრაინა 150-მდე „ლეოპარდს“ მიიღებს. გარდა ამისა, უკრაინა სხვადასხვა ტიპის ტანკებს მიიღებს ევროპული ქვეყნებიდან, კანადამ მიიღო გადაწყვეტილება გადასცეს 200 ჯავშანტრასპორტიორი.
ცალკე საუბრის თემაა, ამერიკელების მიერ უკრაინისთვის 31 „აბრამსის“ გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რაზეც განცხადება პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ თავდაცვისა და საგარეო უწყებების ხელმძღვანელების გვერდით ყოფნის ფონზე გააკეთა.
გასაგებია, რომ რამდენიმე სატანკო ბატალიონების მომზადებას დროს დასჭირდება, მაგრამ უკვე ჩანს, რომ კოლექტიური დასავლეთი უკრაინას შეტევითი ოპერაციის მომზადებაში ეხმარება.
მას შემდეგ, რაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ, სამხედრო საქმის სპეციალისტები ამბობენ, რომ უკრაინა-რუსეთის ომში გადამწყვეტი ეტაპი მალე დადგება.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინისთვის კოლექტიური დასავლეთის მხრიდან ტანკების გადაცემა? და სავარაუდოდ, როდის შეიძლება იყოს მზად უკრაინა შეტევითი ოპერაციის დასაწყებად?
– რუსეთ-უკრაინის ომი დროში გაიწელა. დასავლეთში არავის სურს მუდმივად პრობლემებში ცხოვრება. თან უკრაინელმა ხალხმა, ხელმძღვანელობამ და შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ბრძოლა და რუსების დამარცხება. ამიტომ დასავლეთში დაიძლია აქამდე არსებული ტაბუები და „წითელი ხაზები“. მათ მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება – ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება.
ამ სტრატეგიის ნაწილია დასავლეთის მიერ უკრაინისთვის ტანკების გადაცემაც. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება – ვინ რამდენ და რა მოდიფიკაციის ტანკს გადასცემს უკრაინას.
პარალელურად დაწყებულია უკრაინელი ტანკისტების მომზადებაც, რადგან მათ პირველად მოუწევთ დასავლური ტანკების გამოყენება. ტექნიკური მოსაზრებებით არჩევანი ძირითადად გერმანული წარმოების „ლეოპარდებზე“ გაკეთდა. შესაბამისად მთავარი როლი მათ დაეკისრებათ. მაგრამ უკრაინელებს ასევე გადაეცემათ ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული წარმოების ტანკებიც და ესეც კარგია. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს, დასავლური ტანკების უკრაინაში ჩაყვანას, პერსონალის მომზადებას, ლოჯისტიკის აწყობას და ა.შ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.
უკრაინული კონტრშეტევის ორგანიზებას დასჭირდება სავარაუდო შეტევის ადგილების საარტილერიო დამუშავება. ეს საშუალებებიც გადაეცემა უკრაინას, ჯავშანმანქანები (ტანკების მიერ ფრონტის ხაზის გარღვევის შემდეგ ცოცხალი ძალის გადასაყვანად და ეს ტექნიკაც მიეწოდება უკრაინას) და სამხედრო ავიაცია (ჰაერში უპირატესობის მოსაპოვებლად და იქიდან მოწინააღმდეგის ძალების გასანადგურებლად.
ძალიან მალე, 14-15 თებერვალს გაიმართება რამშტაინის მორიგი შეხვედრა, სადაც სწორედ სამხედრო ავიაციის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს განიხილავენ. უკრაინას დასჭირდება ამ ყველაფრის დაგროვება და შემდეგ ერთიანი შეტევის ორგანიზება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაზაფხულზე მოხდება.
ცხადია, არც რუსები სხედან უსაქმოდ. ისინიც ხედავენ, რას გამოიწვევს დასავლური ტექნიკის ჩასვლა უკრაინაში, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ ამ სახის დახმარებას არც არავინ გაუწევთ და კიდევ უფრო ძველი, უმეტეს შემთხვევაში საბჭოთა პერიოდში წარმოებული შეიარაღებით ბრძოლა მოუწევთ, რომლებიც ახლა გამოაქვთ საწყობებიდან. ამიტომ ისინი დასწრებაზე მოქმედებას შეეცდებიან.
მეორე საკითხია, რა ფასად დაუჯდებათ შეტევის ორგანიზება ან რამდენად შედეგიანი იქნება მათი ეს ჩანაფიქრი. საეჭვოა, რომ მათ ამ ომში რაიმე სახის სტრატეგიული გარდატეხის შეტანა მოახერხონ. თუ რაიმე სახის წინსვლა ექნებათ, ეს იქნება უდიდესი დანაკარგების შედეგად, რაც დავინახეთ კიდეც როგორც ბახმუტთან, ისე სოლედართან გამართული ბრძოლებისას.
ასეთ შემთხვევაში რუსები შეტევის შემდეგ ისინი კიდევ უფრო გამოიფიტებიან და უკრაინას გაუადვილდება წარმატებული კონტრშეტევის განხორციელება.
კომენტარები