უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 22 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. შესაბამის განკარგულებას ხელი 24 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.
„ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით სანქციები დაუწესდა 22 ადამიანს – რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორს და გენოციდურ პოლიტიკას“ , – განაცხადა ზელენსკიმ.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა საეკლესიო საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთის სინოდური განყოფილების უფროსის მოადგილე ვახტანგ ყიფშიძე, რომელსაც ქართული ფესვები აქვს, თუმცა საქართველოს მოქალაქე არ არის.
ვახტაგ ყიფშიძე 1981 წლის 13 აგვისტოს მოსკოვში დაიბადა.
2004 წელს დაამთავრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. იმავე წელს შეუერთდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილებას.
მონაწილეობდა ევროპის ეკლესიების კონფერენციის, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს, რელიგიების მსოფლიო კონფერენციის მშვიდობისთვის, ევროპის საბჭოს, იუნესკოს, ეუთოს და სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
ის იყო OSCE/ODIHR-ის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ექსპერტთა ჯგუფის წევრი.
2012 წელს დაინიშნა რუსეთის სინოდური ინფორმაციის დეპარტამენტის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად.
2016 წლის მარტში რუსეთის პატრიარქ კირილის ბრძანებით, იგი საეკლესიო საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთის სინოდური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა და დღემდე ამ თანამდებობას იკავებს.
კომენტარები