2023 წელს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა 3.1%-ით შემცირდა

2023 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეთა რაოდენობა 3.1%-ით შემცირდა და შეადგინა 376,6 ათასი მოსახლე, მაშინ, როდესაც არამაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობა 0.79%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია საუბარი.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2015-2021 წლებში მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა შემცირდა 2.3%-ით მაშინ, როდესაც არამაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა (თბილისის გამოკლებით) შემცირდა უფრო მეტად – 3,2%-ით. თბილისის ჩათვლით არამაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა გაიზარდა 0.47%-ით, რადგან თბილისში მაღალია როგორც შიდა, ისე გარე მიგრაცია და მისი მოსახლეობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამდენად, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის შემცირება ქვეყანაში საერთო მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება და მისი ნაწილია.
2024-2030 წლების სტრატეგიის მიხედვით, 2023 წელს, 2015 წელთან შედარებით, მოსახლეობის მატება დაფიქსირდა ქვემო ქართლის (8%), მცხეთა-მთიანეთის (4%) და აჭარის (5.4%) მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ხოლო ყველაზე მეტად შემცირებულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა.

ასევე დაგაინტერესებთ