NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი – ნანა ხურითის შესახებ

ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი – ნანა ხურითის შესახებ

07 დეკ 2022 საზოგადოება 595 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველასათვის საყვარელი მსახიობი ბრძანდებით, ხალხი გიცნობთ და გაფასებთ, მე მაინტერესებს, თქვენ როგორ ხედავთ საკუთარ თავს, როგორია ნანა ხურითი თეატრისა და კინოს მიღმა?

თეატრისა და კინოს მიღმა ნანა ხურითი სრულიად ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც უხარია, სტკივა, სწყინს, ბედნიერია. ზრუნავს ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, ოთხფეხა მეგობრებზე. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მძიმე განწყობაა, ძალიან მახარებს სახლში ნაძვის ხის დადგმა. რაღაც მიკროსამყაროს ვიქმნით და განწყობას ვიმაღლებთ.

ყველაფერი მზად მაქვს, ინტერვიუს შემდეგ ვიწყებ ნაძვის ხის მორთვას და საახალწლო ატმოსფეროს შექმნას.

როდის მიხვდით, რომ გქონდათ არტისტული ნიჭი და თუ ყოფილა რაიმე იმპუსლი, ადამიანი, მოვლენა, თუნდაც სპექტაკლი ან კინო, რომელმაც გადაგაწყვეტინათ, რომ ეს თქვენი ცხოვრების მთავარი ვნება და გატაცება უნდა ყოფილიყო?

ეს ყველაფერი შორეული ბავშვობიდან დაიწყო. როგორც ყველას ჩემს თაობაში, მეც ადრეული ასაკიდან მსურდა მსახიობობა. როცა ჩვენ თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით, ოქროს უბანში, მე, ჩემი და და სხვა ბავშვები ხშირად ვგდამდით წარმოდგენებს.

როდესაც ვუყურებდით ქართულ ფილმებს, სპექტაკლებს, რომელი მონაკვეთიც უფრო მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდებოდა ჩვენთვის, შემდეგ ვაცოცხლებდით და თავად ვათამაშებდით.

ამ პროცესს ჩემი და ხელმძღვანელობდა, თუმცა მთავარ როლებს მე არ მათამაშებდა. ის დგამდა სპექტაკლებს, ბილეთების გაყიდვაც დავიწყეთ და აფიშაც კი გავაკეთეთ.

ძალიან გვიყვარდა თუმანიშვილის სპექტაკლი „ჭინჭრაქა“. არ ვიცი თქვენმა თაობამ იცის თუ არა, ჩვენც კი მხოლოდ ნახევარსაათიანი ნაწყვეტი შემოგვრჩა. სერგო ზაქარიაძეს ვბაძავდით, რამაზ ჩხიკვაძეს, ბელა მირიანაშვილს, მედეა ჩახავას, ყველა მონაკვეთი ნათამაშები გვაქვს.

განსაკუთრებით გვიყვარდა ხალიჩის სცენა. დავსხდებოდით ყველანი და ვმღეროდით, “მაღლა ცაში ამაფრინე, ვაი, ვაი…” გვჯეროდა, რომ ხალიჩა ნამდვილად გაფრინდებოდა.

იმპულსიც სწორედ ქართული თეატრი და ჩვენი დიდი მსახიობები იყვნენ. გოგი ქავთარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ბელა მირიანაშვილი, სალომე ყანჩელი და რა თქმა უნდა, მერე ჰორიზონტი გაფართოვდა და უცხოელი მსახიობებიც გახდნენ ჩვენი შთაგონების წყარო. ძალიან გვიყვარდა ზღაპარი „კონკია“, თითქმის ყველა ზღაპრის გმირი გაცოცხლებული გვყავს.

მაშინ ქართული კინო და თეატრი ნამდვილად იყო აღორძინების პიკში. გოგი ქავთარაძის „ქორწილი“ რომ გადიოდა, ბავშვები თამაშს მაშინვე თავს ვანებებდით და ფილმის სანახავად გავრბოდით. ამ ეპოქის გენიოსებმა დიდი გავლენას იქონიეს და მათ შთამაგონეს, რომ მინდოდა მსახიობი გავმხდარიყავი.

თქვენთვის თეატრალური ხელოვნება რას ნიშნავს, სცენაზე თამაში, გარდა თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი თავისუფლებისა, რასთან ასოცირდება, რატომ არის ეს პროფესია მნიშვნელოვანი?

ეს პროფესია იყო და არის მნიშვნელოვანი ჩემთვის, თუმცა დღეს თეატრს ცოტა უჭირს. ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ძალიან იმოქმედა მასზე, ვგულისხმობ პანდემიას.

თეატრის მსახიობობა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ყოველ დღე ვიდექი სცენაზე და ვაკეთებდი საყვარელ საქმეს. ეს ნიშნავს, გქონდეს მყარი მოქალაქეობრივი პოზიცია და თითოეულ როლში ჩადო შენი სათქმელი, ესაუბრო ერთდროულად ბევრ ადამიანს. ყველა ემოცია, რომელიც შინაგანად გაქვს, სიხარული, გულისტკივილი, ბედნიერება გაუზიარო.

თუმცა თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, შესაბამისად სათქმელი და დამოკიდებულება იცვლება, იმის მიხედვით, თუ რა მოვლენა მოხდა მსოფლიოში, შენს ქვეყანაში და ამით რა გზავნილს და შეტყობინებას უგზავნი მაყურებელს.

ეს პროფესია ასევე გაძლევს საშუალებას, ბევრი ადამიანის ცხოვრებით იცხოვრო და ჩასწვდე შენი პერსონაჟის საქციელს, მოტივს, ფიქრებს, აზრებს. მიხვდე, თუ რატომ მოიქცა ასე. მუდმივად ძიების პროცესში ხარ. სულ ხომ არ გიწევს დადებითი პერსონაჟის როლის თამაში. ვფიქრობ, რომ უარყოფითი გმირის განხორციელებაც არანაკლებ საინტერესოა. ასეთ დროს ხშირად მქონია კონფლიქტი ჩემს პერსონაჟთან. მიწევდა მასთან ბრძოლა და შინაგან სამყაროში შემოშვება. მაგრამ ყველას, ალბათ, თავისი „სიმართლე“ აქვს. ნებსით თუ უნებლიეთ, ვხვდები ჩემი პერსონაჟის ადვოკატი.

ყველაზე მეტად თქვენ მიერ შესრულებულ რომელ როლს გამოარჩევდით და რატომ?

ყველაზე მეტად მიყვარს გოგი ქავთარაძის მიერ დადგმული სპექტაკლი „ერთი ცის ქვეშ“, რომელშიც გაერთიანებული იყო „ბოშები“ და „ჰელადოსი“. იქ ვთამაშობდი ბერძენ გოგოს “მიდა” და ბოშას “რადა”. ასევე „ბურატინოს თავგადასავალში“ ვთამაშობდი ბურატინოს და ძალიან მიყვარდა ეს როლი. ალბათ, იმიტომ, რომ ამ როლებს სოხუმის თეატრში ვთამაშობდი და სწორედ იქ დაიდგა ეს სპექტაკლები. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ მაყურებლები ძირითადად ბავშვები იყვნენ, ისინი კი ყველაზე გულწრფელები და ერთგულები არიან.

ძალიან მიყვარდა თემურ ჩხეიძის „სახელოსნო“, რეჟისორი გახლდათ გურამ ღონღაძე და პიესის ავტორი მაკა კუკულავა. ჩვენ გავაცოცხლეთ რვა ნოველა. ერთ-ერთ მათგანში მე და ჩემი და ვთამაშობდით პერსონაჟებს თამრიკო და მარიკა. ეს ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო ჩემთვის და რაც მთავარია, ბატონ თემურთან ურთიერთობა და მისი არსებობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

ალბათ, ხშირად უკითხავთ თქვენთვის, კინოში თამაში უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ თუ თეატრში?

სიამოვნება თეატრში უფრო მეტია. იმ თვალსაზრისით, რომ პროცესი იწყება და არავინ გაწყვეტინებს. შენს ხელშია, რამდენ წუთამდე აიყვან და რამდენად ისიამოვნებ შენი ნათამაშებით. ძალიან ბევრი რამ განაპირობებს იმას, რომ სპექტაკლი შედგეს, ეს კოლექტიური ხელოვნებაა.

ყოფილა ხოლმე სიტუაციები, როცა სპექტაკლი დავდგით ერთი წლის წინ და ერთი წლის თავზე სულ სხვა რამის თამაში მოგვიწია, რადგან ეს ცოცხალი, უწყვეტი პროცესია.

რაც შეეხება კინოს, რომ გითხრათ, ბევრ როლში მაქვს ნათამაშები, მოგატყუებთ. როდესაც მსახიობობა დავიწყე, მაშინ კინო-ინდუსტრია ჩამოიშალა. ამ მხრივ ბედი არ მწყალობს. თუმცა გამოვყოფდი სერიალს „ცხელი ძაღლი“. ძალიან დიდი სიამოვნება იყო ზაზა ურუშაძესთან მუშაობა. ესეც ფანტასტიური გამოცდილება გახლდათ.

მაგრამ თეატრი უწყვეტი სიამოვნების პროცესია ჩემთვის, ხოლო კინო წყვეტილი. თეატრს ასევე ის უპირატესობა აქვს, რომ კონკრეტული როლის თამაშის შემდეგ შეგიძლია მიიღო რჩევა, რაღაც გამოასწორო, ახალ ჯერზე უფრო სრულყოფილად ითამაშო, ხოლო კინოში გადაიღებ როლს და ეს მუდმივად დარჩება ისტორიას. თუმცა ტექნიკურად ესეც საინტერესოა, როცა სხვადასხვა კუთხიდან გიღებენ და შენ საჭირო ემოცია უნდა დაიჭირო, საოცრად ამაღელვებელი და მიმზიდველია.

საერთო ჯამში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თეატრი ცოცხალი ორგანიზმია. იცვლება ისევე, როგორც იცვლები შენ და იცვლება მსოფლიო.

მე ძალიან მადლიერი ვარ მაყურებლის, რომელიც დღემდე ჩვენი ერთგულია. მათ გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა.

თვლით, რომ, როგორც მსახიობმა საკუთარი შესაძლებლობები სათანადოდ წარმოაჩინეთ თუ ჯერ კიდევ არ მოგეცათ ამის საშუალება?

ვთვლი, რომ ჩემი შესაძლებლობები სათანადოდ ჯერ არ წარმომიჩენია და დიდი იმედი მაქვს, მომავალში ამის საშუალება მომეცემა.

არსებობს როლი, რომლის შესრულებაზეც გიოცნებიათ?

სიმართლე რომ ვთქვა, საოცნებო როლი არ მქონია. არაფერზე მიოცნებია, მოულოდნელობები უფრო მიყვარს.

საქართველოს ისტორიიან რომელ ცნობილ ქალს განასახიერებდით?

როგორც საოცნებო როლი არ მქონია, ისე ამაზეც არ მიფიქრია. თუმცა ახლა, გულწრფელად რომ ვთქვა, სიამოვნებით ვითამაშებდი თამარ მეფეს. იმდენად დიდი და პროგრესული ფიგურა იყო საქართველოს ისტორიაში, რომ ჩემთვის მისი განსახიერება უდიდესი პროფესიული სიამოვნება იქნებოდა.

ქალბატონო ნანა, აფხაზეთზე მინდა გკითხოთ, თქვენთვის ყველაზე ძვირფასი და მკაფიო მოგონებები რას უკავშირდება?

ეს ის პერიოდია, როდესაც სოხუმის თეატრს „ოქროს ხანა“ ჰქონდა. მაშინ გოგი ქავთარაძე გახლდათ სამხატვრო ხელმძღვანელი. სოხუმში როცა ჩავედი, 21 წლის ვიყავი. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. იქ ჯერ ჩემი და ჩავიდა, შემდეგ კი მე მიმიწვია გოგი ქავთარაძემ. მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, შესაბამისად, მიჭირდა ქალაქის დატოვება და უცხო ადგილას წასვლა, თუმცა სოხუმი ჩემთვის “საოცრებათა ქალაქი” გახდა.

იყო სოხუმელი ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ეს წოდებაა, რომელსაც დამსახურება სჭირდება და როდესაც თავად სოხუმელებიც და ჟურნალისტებიც მეუბნებიან, რომ მე ვარ „სოხუმელი“, ძალიან მეამაყება და მაბედნიერებს ეს ფაქტი.

არის კიდევ ერთი ძალიან ლამაზი მოგონება. მაშინ ხომ არ იყო მობილური ტელეფონი, თეატრის წინ გვქონდა პალმა და იქ ვტოვებდით წერილებს, თუ სად ვიყავით, თუმცა მაშინ უკეთ ვაგნებდით ერთმანეთს, ვიდრე დღეს. ეს პალმა განსაკუთრებულად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

აფხაზეთის ომმა და ამ ტრაგედიამ რა ცვლილებები გამოიწვია თქვენს ცხოვრებაში?

აფხაზეთის ომის დროს ბევრ რამეზე ამეხილა თვალი და მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი რამ სამყაროში არის ადამიანის სიცოცხლე. როდესაც პატარა ვიყავი და ჩემი მშობლები, ბებია და ბაბუა საუბრობდნენ ომზე, ვერ ვხვდებოდი ეს რა იყო. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ შეიძლება რაღაც არ გეგონოს, ვერ წარმოიდგონო და უცებ თავს დაგადტყდეს. ომზე ასე ადვილად საუბარი არ შეიძლება. ვისაც ეს საკუთარ თავზე არ აქვს გადატანილი, ვერ მიხვდება. კარგი იქნება მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, ვისაც რაღაც გამოცდილება აქვს. ახლა რომ ხელაღებით რომ მიდის საუბარი ომზე, ეს ძალიან მაშინებს. არ დაგიმალავთ, ომი ძალიან მაშინებს. მან ბევრი ადამიანი მომტაცა. მხოლოდ თეატიდან ათი ძვირფასი ადამიანი წამართვა.

ძალიან მძიმე წლები იყო ჩვენი თაობისთვის, ოჯახისთვის, თეატრისთვის. ყველასთვის ვისთვისაც ძვირფასი იყო აფხაზეთი. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ეს გულთან ახლოს არ მიიტანეს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ გვინდა. მხოლოდ ღმერთს ვთხოვ, რომ შეწყდეს მსოფლიოში ეს ტრაგედიები. ომი საშინელებაა, ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც კაცობრიობას შეიძლება დაატყდეს თავს და უსამართლობაა ისაა, რომ ძალაუფლებისთვის მებრძოლი პოლიტიკოსების ხარჯზე უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან. ჯარისკაცი არასდროს იწყებს ომს. მსოფლიო ისტორიას, რომ გადავხედოთ, ვერც ერთმა დიდმა პოლიტიკოსმა, რაოდენ განათლებულიც არ უნდა ყოფილიყო, ვერ შეცვალა მსოფლიო წესრიგი მშვიდობისაკენ და ვერ შეძლო სამყარო ისე მოეწყო, რომ ომები თავიდან აეცილებინა.

გარდა თქვენი პროფესიაა, ხელოვნების რომელი დარგი გეხმარებათ პიროვნული თავისუფლებისა და სულიერი ბალანსის პოვნაში?

ძალიან მიყვარს ბალეტი, ფოლკლორი. ხშირად ვუსმენ, ნებისმიერი ქვეყნის კუთხის ფოლკლორს. ეს გამოხატავს ერის ეთნოფსიქიკას, თვისებებს. თუ გინდა ჩასწვდე ამა თუ იმ ეროვნების ადამიანებს, მაშინ მათ ფოლკლორს უნდა მოუსმინო.

ასევე ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა და ხატვა. ერთადერთი, ვისიც მშურს სამყაროში, არის მხატვარი. ჩემთვის ეს უდიდესი ხელოვნებაა. გქონდეს შესაძლებლობა, გამოსახო შენი შინაგანი სამყარო. დახატო ისეთი მზე, როგორსაც მხოლოდ შენ ხედავ. ძალიან მინდა მქონდეს ამის საშუალება.

დღევანდელ საქართველოში თეატრსა და კინოში მიმდინარე პროცესებს როგორ შეაფასებდით, პანდემიური რეალობის შემდეგ როგორ ვითარდება ეს სფერო და რამდენად აქვს ხელშეწყობა შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან?

პანდემიამ მართლა ძალიან უკან დაგვხია, თუმცა ახლა, როგორც ვიცი, დაიწყო პროექტების დაფინანსება და ვნახოთ, რა სპექტაკლები დაიდგმება, ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.

რაც შეეხება კინოს, გამოყოფილი თანხა არის ძალიან მწირი. ახალგაზრდა რეჟისორებს არ ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნიჭი გამოავლინონ. მაგალითად, კინოცენტრმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა კონკურსი ხუთსერიან სერიალზე. კარგი იქნება, თუ ამას მიაქცევენ ყურადღებას და დაფინანსებას გაზრდიან. ვნახავთ, რამდენად განვითარდება კინოინდუსტრია საქართველოში.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ კერძო სექტორი და ზოგადად ბიზნესი არ ინტერესდება ამ ხელოვნებით. თეატრი მხოლოდ სახელმწიფოსი არ არის, ეს საზოგადოებრივი, კულტურული ფენომენია, ამიტომ მოქალაქეებიც უნდა იჩენდნენ ინტერესს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ამის საშუალება აქვს.

ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართულობა რამდენად დიდია თეატრალურ სექტორში?

დაინტერესება დიდია, თუმცა არ აქვთ საკმარისი ხელშწეყობა. უნდა იყვნენ ჩართულები ყველა სფეროში და თეატრებიც უნდა გაახალგაზრდავდეს, მე ამის მომხრე ვარ.

და ბოლოს მინდა გკითხოთ, კარიერული თვალსაზრისით, თუ გაქვთ გეგმები უახლოეს მომავალში და რით ხართ ამჟამად დაკავებული?

ამჟამად ვიღებ მონაწილეობას სერიალში „ჩემი პირველი სერიალი“, რომლის გადაღება დაიწყო Nesvi Production-მა, ხოლო იდეის ავტორი გახლავთ გიორგი კაკიაშვილი. ჯერ Youtube სერიალი იყო, ახლა Cavea-ზე გადის ყოველ პარასკევს. ასევე არის ტელევიზია „ერიმედია“ და იქ ვაპირებ გადაცემის გაკეთებას, რომლის შესახებაც აუცილებლად გაგაგებინებთ. ასეთია ჩემი სამომავლო გეგმები.

ავტორი: ანო ტვილდიანი

კომენტარები

TOP ნანა ხურითი წარმატებული ადამიანები 2022-12-07
ანო
Tags TOP ნანა ხურითი წარმატებული ადამიანები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურაბ ჯაფარიძე: ყველა ის პარტია და პოლიტიკური ლიდერი, რომელიც დღეს არ თამაშობს ბიძინას თამაშს… (ვიდეო)

შემდეგი სტატია

მიხაილო პოდოლიაკი: ნიღბები მოხსნილია, პუტინმა დაადასტურა უკრაინის ომის მიზნები

მსგავსი სტატიები

მალავიში ვამპირიზმის ბრალდებით ადამიანები მოკლეს

20 ოქტ 2017
“ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ …”

“ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ …”

ნინო ჩხეიძე 24 მარ 2020
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს

30 იან 2018

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge