იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ციხის საკანში შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ, თანხმობის გარეშე გასაჯაროების საქმეზე დავა პენიტენციურ სამსახურს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგეს. ამის შესახებ ალაფიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იურისტი აცხადებს, რომ ეს პირველი, უპრეცედენტო შემთხვევაა.
„პენიტენციურ სამსახურს სააპელაციო სასამართლოშიც მოვუგე დავა ციხის საკანში შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ, თანხმობის გარეშე გასაჯაროების საქმეზე. ეს პირველი პრეცედენტია!
2 ინსტანციის სასამართლომ დარღვევაც დაადასტურა და მორალური ზიანიც დააკისრა სამსახურს. მანამდე, იმავე ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოვიგეთ საქმე. ინსპექტორის 2020 წლის 20 მარტის №გ-1/100/2020 გადაწყვეტილებით პენიტენციური სამსახური კანონდამრღვევად იქნა ცნობილი და ჯარიმაც დაეკისრა.
თეა წულუკიანმა პარლამენტში ნინო ლომჯარიასთან კამათისას რომ გამოაქვეყნა საკანში პატიმართან სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, ის საქმეა. მინისტრის უკანონო დავალება შეასრულა და ვიდეოჩანაწერი პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა ვებგვერდზე, ფეისბუკგვერდზე და მედიასაც გადასცა. ჰოდა, დაისაჯა. ესეც 3:0“, – აცხადებს ალაფიშვილი.
კომენტარები