“საქართველოს პარლამენტი – ანუ შეაყარე კედელს ცერცვი
რაც მე წელს ვიბრძოლე რომ საპენსიო კანონში ცვლილება შესულიყო… ოფიციალურად შევიტანე წერილი და ხსნა-განმარტებები პარლამენტში საპენსიო კანონში დაშვებული გამონაკლისებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით… ვითხოვდი ერთი პუნქტი დამატებულიყო შემოქმედი ადამიანის საქმიანობაზე და მწერლის შემოქმედებითი საქმიანობაც განხილულიყო იმ გამონაკლისებში, რომელშიც განიხილება სხვა სფეროს წარმომადგენლთა შრომა, რომელებსაც არ უკავდებათ კუთვნილი ასაკობრივი პენსია დამატებითი საქმიანობის გამო… რამდენი წერილი, რამდენი ზარი, რამდენი ახსნა-განმარტება, რა არ ვიღონე, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. აი, ისევ მომიხსნეს პენსია! როგორ გავაგებინო ჩვენს პატივცემულ პარლამენტს, რომ მწერალი, რომელიც კუთვნილ ასაკობრივ პენსიას იღებს, შეიძლება ისევ წერდეს, აქვეყნებდეს პუბლიკაციებს, იღებდეს შეხვედრებში მონაწილეობას და ზოგჯერ ამისთვის (ზოგჯერ ასეთიც ხდება!!!) ჰონორარსაც ღებულობდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, ეს იქნება სიპი თუ მსგავსი ორგანიზაციები და ყველა ამგვარ შემთხვევაში მწერალს არ უხსნიდეთ ასაკობრივ პენსიას და არ დაარბენინებდეთ მას სოციალურ სამსახურებში თქვენივე კანონის არასრულყოფილების გამო? რა გახდა თქვენთვის იმის გაგება, რომ იმ გამონაკლისების სიაში, სადაც თქვენ თვითონ თქვენი თავი, პოლიტიკოსებო, პირველ ადგილზე ჩაგიწერიათ, თქვენს საკუთარ თავებზე გიზრუნიათ, სადაც ერთ-ერთ გამონაკლისად პედაგოგებიც მოიხსენიება, ერთი პუნქტი დაამატოთ კანონით დაშვებულ გამონაკლისების სიას და ჩაწეროთ “შემოქმედებითი საქმიანობა, მწერალი და ა. შ”. რა გახდა ეს? რამდენჯერ აგიხსენით, თუ წერილობით თუ ზეპირად, რომ ესაა ამ კანონის სიმახინჯე და მცდარობა, დაუხვეწელობა, და მეტიც – ესაა მწერლების დისკრიმინაცია!
ისევ ხელახლა აღარ შემოვიტან წერილს, რა აზრი აქვს ამას? ეტყობა, ამ ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკოსებმა უნდა იცხოვრონ კომფორტულად. ჩვენ, საერთოდ ვის დავკარგივართ?! ეტყობა მაინცადამაინც ტელესენსაციად და შოუდ უნდა მექცია ეს საკითხი, თქვენი დარწმუნება რომ მომეხერხებინა? სრულიად არაჰუმანური დამოკიდებულებაა ეს თქვენგან პენსიონერ შემოქმედ ადამინთა მიმართ!” – წერს სოციალურ ქსელში პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატი მარიამ წიკლაური.
კომენტარები