გასული წლები ყველა ადამიანისთვის რთული აღმოჩნდა. საყურადღებოა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, მსოფლიოში შფოთვითი აშლილობისა და დეპრესიის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. თვითიზოლაციამ და საკუთარ თავთან მარტო დარჩენამ გვაიძულა არაჯანსაღი ფიქრებისა და ემოციების ქარიშხალში მოვყოლილიყავით.
როდესაც სხვა ადამიანებს ვუყურებთ და ვხედავთ, როგორ იბრძვიან ისინი თავიანთი ოცნებებისთვის, ხშირად ვაკრიტიკებთ საკუთარ თავს და ვაიძულებთ დაიჯეროს, რომ მას არაფერი შეუძლია. სინამდვილეში, ასეთ დროს, შესაძლოა, შფოთვებსა და პანიკურ შეტევებს ვებრძოდეთ, რაც უდიდეს ენერგიას მოითხოვს და რთულია სხვა რამის მიმართ ინტერესების შენარჩუნება. ამიტომ უარს ვამბობთ სიახლეების მიღებასა და განვითარებაზე, და ვრჩებით საკუთარ სივრცეში, რომელიც კომფორტის ზონად მიგვაჩნია.
პირველ რიგში, საკუთარი თავის სხვებთან შედარება უნდა შეწყვიტოთ. სოციალიზაცია, თავისთავად, იწვევს კონკურენციას. ეს გარდაუვალია, მაგრამ აუცილებლად ჯანსაღი ფორმით უნდა მოხდეს. ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ყველას ჩვენი ისტორია, წარსული, შეხედულებები და შესაძლებლობები გვაქვს, ამიტომ აბსურდია, ვინმესთან გაიგივება. იყავით ინდივიდუალურები. წარმატება მხოლოდ კარიერულ მიღწევები არ არის, ეს ნიშნავს გიყვარდეს და იღებდე საკუთარ თავს, ისეთს, როგორიც ხარ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ადამიანი შემდგარი და თვითმყოფადი.
ნუ შეგეშინდებათ, შეცდომების დაშვების და საკუთარ სისუსტეებთან მარტო დარჩენის. მხოლოდ შიშების მართვით შეიძლება მართოთ საკუთარი თავი, ფიქრები, ემოციები და ნაბიჯები. თუ შეგეშალათ, ამაში არაფერია ტრაგიკული. პერფექციონიზმი, სინამდვილეში, მავნე ჩვევაა, ეს ადამიანს აიძულებს საკუთარი თავის განსჯას, მისთვის ტკივილის მიყენებას, სიხარულისა და თავისუფლების უგულებელყოფას. არ ხართ ვალდებული, იყოთ იდიალური. ცხოვრება გამოცდილებაა და არა ომი, სადაც წაგება დაუშვებელია.
უარი თქვით ადამიანებზე, რომლებიც გამძიმებენ, გაიძულებენ იფიქროთ, თითქოს რამეს არ იმსახურებთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხართ, როგორ გამოიყურებით, სად დაიბადეთ, რა მოგწონთ ან რისი გწამთ, თქვენ მთელი, ნამდვილი ცოცხალი ორგანიზმი ხართ, რომელსაც აბსოლუტური უფლება აქვს იყოს საკუთარი თავი და სამყაროს წინსვლაში თავისი წვლილი შეიტანოს. თქვენ გარეშე ხომ დედამიწა უფრო მოსაწყენი იქნებოდა.
წყარო/ფოტო: Health Line
კომენტარები