საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდება.
შეხვედრები ასევე, ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რენატა ალტთან გაიმართება.
„პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ფრაქცია CDU-ს წევრებთან, მომხსენებლებთან ნატოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით, ფრაქცია SPD-ს საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან.
შალვა პაპუაშვილი საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბუნდესტაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები