NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ყველაზე სევდიანი ლექსების ავტორი – ლაშა მარგიანი

ყველაზე სევდიანი ლექსების ავტორი – ლაშა მარგიანი

29 ნოე 2022 საზოგადოება 681 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლაშა, ინტერვიუ მინდა ტრადიციული შეკითხვით დავიწყო, როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ხელოვნებისადმი განსაკუთრებული სწრაფვა და როგორ განავითარეთ ეს შემოქმედებითი უნარი?

ძალიან ღრმა ბავშვობიდან მიზიდავდა ხელოვნება, ჯერ კიდევ იმ ასაკიდან, სკოლაშიც რომ არ დავდიოდი. მიყვარდა ხატვა, გამუდმებით ვხატავდი. მაშინ მეგონა, როცა გავიზრდებოდი, უსათუოდ მხატვარი ვიქნებოდი. მიყვარდა სიმღერაც, მაგრამ სათანადო სმენა არ მაქვს, სამწუხაროდ. არ დაგიმალავთ, ამას ჩემს პიროვნულ ტრაგედიად ვთვლი.

ექვსი წელი სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. ვაპირებდი სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას ფერწერის კუთხით, მაგრამ შეჭირვებული ცხოვრების და კიდევ სხვა ყოფითი პრობლემების გამო, ეს ვერ მოხერხდა.

შემდეგ ისე მოხდა, რომ სკოლის დამამთავრებელ კლასებში დავიწყე წერა. პირველივე ნაწერიდან, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, საკუთარი თავი აღმოვაჩინე ისეთი, როგორიც მანამდე არ მენახა და მივხვდი, რომ ნამდვილი ლაშა მარგიანი ვიპოვე. მას შემდეგ ჩემი პიროვნება და ჩემი ცხოვრება, შინაგანი თუ გარეგანი სამყარო, აბსოლუტურად ყველაფერი, რისგანაც შევდგები, არის პოეზია.

წლების განმავლობაში, ყოველდღიური წერის და კითხვის პროცესით მივედი ჩემს შემოქმედებამდე. ყველაზე მეტად მაინც ერთმა თავისებურმა, სახასიათო შტრიხმა იქონია ამ ყველაფერზე გავლენა, ძალიან ჯიუტი ვარ. არასდროს არსად იმდენი დაცემა და იმედგაცრუება არ მქონია, რამდენიც პოეზიაში. არსად იმდენი მტერი და მოძულე არ მყოლია, რამდენიც პოეზიაში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ჩემი ერთი ლექსი მთავრდება, „ისევ ლაშა ვარ და ისევ მარგიანი“.

ლექსი იმ სამყაროს გასაღებია, რომელშიც პოეტის სული წამისხელა სტროფებშია ჩატეული, თქვენთვის რა არის ლექსი, როცა წერთ შინაგანად როგორ ემოციებს განიცდით და რამდენად სასიცოცხლო პროცესია ეს თქვენთვის?

პოეზია პირველ რიგში არის ადამიანის შინაგანად გათავისუფლების აქტი, რამაც ის სიმართლემდე უნდა მიიყვანოს, ვარდისფერი სათვალე უნდა ჩამოხსნას და რეალობას შეაჯახოს. პოეზია ადამიანს აიძულებს საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლას და ეს არის ყველაზე მტკივნეული რამ, რაც შეიძლება ვინმემ განიცადოს.

მე ასე მიმაჩნია, რომ თუ თითოეული სიტყვა საკუთარ სისხლსა და ხორცში, საკუთარ სულსა და გულში, ყველა უჯრედში არ გამოცრა პოეტმა, მისი ნაწერი ჭეშმარიტი არ იქნება. სადღაც მაინც გაერევა ტყუილი, ტყუილზე კი გურამ რჩეულიშვილის სიტყვები მახსენდება, „იყავი მკვლელი, მაგრამ ნუ იქნები მატყუარა“.

რა თქმა უნდა, სასიცოცხლო პროცესია ჩემთვის, მაგრამ მთელი მისტიკაც სწორედ ამაშია, საკუთარ თავზე ისე ვწერ, სხვებმა რომ თავიანთი თავები იპოვნონ ჩემს ნაწერებში. მიხვდნენ, რომ ამას მათთვის ვქმნი.

სიცოცხლე სიყვარულის და რწმენის გარეშე შესაძლებელია?

სიყვარულისა და რწმენის გარეშე სიცოცხლე, მხოლოდ და მხოლოდ არსებობაა და მეტი არაფერი.

სამყარო იქ მიექანება, სადაც აღარავის დასჭირდება ღმერთი და პოეზია. დრო აჩქარებულია და უსულო. თითქოს თვითგანადგურებისკენაა მსოფლიო მიმართული და დედამიწაც უკუღმა ტრიალებს, უკუღმა ითვლის წლებს, თვეებს, კვირებს, დღეებს, საათებს, წუთებს, წამებს.

არაფერია სიცოცხლეზე ტკბილი, მაგრამ ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ცოცხლები ვართ.

სად არის თქვენი, როგორც პოეტის, თავისუფლება?

იმაში, რომ ვწერ ისე, როგორც პირველყოფილი ადამიანები ხატავდნენ ნახშირით გამოქვაბულების კედლებზე.

ჩემი ლექსები ადამიანები არიან მათთვის, ვისაც არც ცა ჰყოფნის და არც მიწა, ვისაც მაინცდამაინც ადამიანი სჭირდება.

რადგან თავისუფლების ცნებას შევეხეთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოეტს შინაგანთან ერთად ფიზიკური თავისუფლებაც სჭირდება, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ მასზე აღარ არის დამოკიდებული. არის დღეს საქართველოში ისეთი მდგომარეობა, რომ ხელოვანმა თავისუფლად განვითარება შეძლოს და მატერიალური თუ არაჯანსაღი კონკურენციის, ვგულისხმობ ვიღაცის მიერ პრივილეგირებულთა მიერ ხელის შეშლის გარეშე, თქვას საკუთარი სათქმელი?

მატერიალურ სიდუხჭირესა და ჯოჯოხეთურ ცხოვრებას რომ თავი დავანებო, ამ ქვეყანაში ჩემნაირი პოეტებისთვის ყველა ლიტერატურული კარი დაკეტილია.

არათუ ფიზიკური გადარჩენისთვის, შინაგანადაც რომ გაუძლო ამ საძაგელ ყოფას, თუნდაც ლიტერატურულ სივრცეებში, უდიდესი ბრძოლა, თმენა და ნებისყოფა გჭირდება.

ეს რა თქმა უნდა, ნელ-ნელა მანადგურებს, მაგრამ ვტოვებ იმას, რაც უკვდავია, რასაც ამ წუთისოფლის სული ვერ ერევა.

იყო დრო, როდესაც შემოქმედი ადამიანები შეუმჩნევლად დააბიჯებდნენ სამყაროში და წლების შემდეგ აღმოაჩენდნენ ხოლმე მათ შესაძლებლობლებს, ახლაც ასეა და კვლავ ვაგრძელებთ ამ მავნე ჩვევის რომანტიზებას. ნიჭი მისივე არსებობის დროს უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ. როგორ ფიქრობთ, ის, რისი თქმაც გინდათ, საზოგადოებას სწორად მიეწოდება თუ ჯერ კიდევ არ მიდის თქვენი ხმა იქ, სადაც გინდათ, რომ იყოს?

დღევანდელმა ცხოვრებამ ნებისმიერ ადამიანს მისცა იმის შესაძლებლობა, რომ სოციალური სივრცეების საშუალებით, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს მაქსიმალურად.

როგორი უცანურიც არ უნდა იყოს, არცერთ ლიტერატურულ წრეში არ აღმოჩნდა ჩემი ადგილი, არ მაქვს არანაირი ლიტერატურული პრემია. არც ლიტერატურულ ჟურნალსა თუ გაზეთში დაბეჭდილა ჩემი ლექსი ოდესმე. არც ლიტერატურულ საიტსა თუ მსგავს სოციალურ პლატფორმაზე, რა თქმა უნდა, აქ ჩემი მკითხველის მცირე გვერდებსა და ბლოგებს არ ვგულისხმობ. კიდევ ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ აქ შევჩერდები.

ერთადერთი ადგილი სადაც მკითხველს ჩემი ლექსების წაკითხვა შეუძლია, ჩემი Facebook გვერდია და საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ მათი გვერდში დგომით, ორ თვეში პირველ კრებულს ვბეჭდავ.

ჩემი პოეზია რომ ადამიანებამდე ვერ მიდიოდეს, ვერც ამ ადამიანებს მოიყვანდა ჩემამდე. თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იგი მათთვისაც დაიწერა, ვინც ჯერ დაბადებულიც კი არ არის და თუნდაც ასი წლის შემდეგ დაიბადება.

თქვენი ცხოვრება ლექსი რომ იყოს, რომელი პოეტი იქნებოდა მისი ავტორი?

ჩემი ცხოვრება პოეზიაა, რომლის ავტორიც მე ვარ.

აქვე მინდა ლიტერატურულ გემოვნებაზეც გვესაუბროთ, რომელ ნაწარმოებს გამოარჩევდით განსაკუთრებულად და რატომ?

ერთ ნაწარმოებს ვერ გამოვყოფ, ვერც ავტორს, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ნაწარმოებები მიყვარს, სადაც არის დრამა, ტკივილი, ტრაგედიები, კონფლიქტი საკუთარ თავთან, ფსიქოლოგიური სიღრმეები და ცხოვრებისეული, რეალური ფრაგმენტები.

ნაწარმოები ადამიანს უნდა ცვლიდეს უკეთესობისკენ. უნდა შთააგონებდეს იმას, რისთვისაც ქარის წისქილებთან იბრძვის დონ კიხოტი, რომ ადამიანები ვართ და რომ სული გვაქვს და უხილავი ძაფებია გაბმული ჩვენ შორის, დროსა და სივრცეში, საუკუნიდან საუკუნეში, სიცოცხლიდან სიკვდილში, სიკვდილიდან მარადისობაში. გასაფრენად ფრთები არ არის საჭირო და რომ არც ცა არის ერთადერთი ადგილი ფრენისთვის.

ვიღაც ყოველთვის უნდა ამბობდეს სიმართლეს, თუნდაც ამისთვის ჯვარს აცვან.

როგორია თქვენი თვალით დანახული ლაშა მარგიანი?

უბრალო, მაგრამ არა ჩვეულებრივი.

შთაგონებაზეც მოგვიყევით, მუზების პლანეტაზე დრო სხვანაირად მიედინება?

ჩემი ინსპირაციის ერთადერთი წყარო ტკივილია, მაშინაც კი, როცა სიყვარულზე ვწერ. ლექსის წერის პროცესი ჰგავს ორმხრივ გზადტკეცილზე თვალდახუჭულ სიარულს. სადღაც მიწერია:

დღეს კიდევ ერთმა მითხრა,

რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მშვენიერია

და რომ ყოველთვის ჯოჯოხეთურ ფერებში არ უნდა ვსახავდე მას,

მე კი არ შემეძლო ამეხსნა მისთვის,

რომ ტკივილი იქამდე იქნება, სანამ სამყარო იარსებებს

და თუ ის არ არის შენთან, არის სხვასთან,

რომ ქრისტეს ჯვარცმის დროსაც,

როდესაც ცა და მიწა შეიძრა,

იქნებოდა ვინმე ისეთი,

ვინც იმ მომენტშიც იმ ცოდვებით ტკბებოდა,

რომელთა გამოსასყიდადაც ქრისტე ჯვარზე იყო გაკრული.

ადამიანისთვის მარადისობა სასჯელია თუ საჩუქარი?

ვუყურებ,

როგორ ცხოვრობენ ადამიანები

და

არ ვიცი ვის ვკითხო.

ნუთუ მხოლოდ ეს არის…

ნუთუ მხოლოდ ეს არის…

ნუთუ მხოლოდ ეს არის…

ყველაფერი?

საკუთარი თავის გადარჩენით შეგვიძლია სამყარო გადავარჩინოთ?

სამყარო ერთეულებზე დგას, მხოლოდ მართალ ადამიანს შეუძლია მისი გადარჩენა, სხვას არავის. მართალი ადამიანი კი მუდამ თავგანწირულია და საკუთარი თავის გადარჩენასაც ამ თავგანწირვაში ხედავს.

სახურავიდან თუ გვიყურებენ, სასაცილოები ვჩანვართ,

ღრუბლებიდან ალბათ ჭიანჭველებს ვგავართ,

ვარსკვლავებიდან არც გამოვჩნდებით.

ნეტა,

შენი სიმაღლიდან

როგორები ვართ ადამიანები,

ღმერთო.

რა იქნებოდა,

თვითგადარჩენის ინსტინქტის ნაცვლად,

თავგანწირვის უნარი დაგვყოლოდა თან.

ავტორი: ანო ტვილდიანი

კომენტარები

TOP ლაშა მარგიანი წარმატებული ადამიანები 2022-11-29
ანო
Tags TOP ლაშა მარგიანი წარმატებული ადამიანები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Reuters: რუსეთი ინდოეთს სთხოვს, დაეხმაროს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით

შემდეგი სტატია

13 Mysterious Pictures That Science Can’t Explain

მსგავსი სტატიები

აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელი, ნიკოლოზ ნათბილაძე ყოფილ თანამშრომლებს მოლაპარაკებას სთავაზობს

აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელი, ნიკოლოზ ნათბილაძე ყოფილ თანამშრომლებს მოლაპარაკებას სთავაზობს

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018
“საზოგადოების ემოციებზე ზემოქმედებისა და შსს-ს რეპუტაციის გაკეთილშობილების გარდა, ვიდეოს გავრცელებას არ გააჩნდა არავითარი მიზანი”

“საზოგადოების ემოციებზე ზემოქმედებისა და შსს-ს რეპუტაციის გაკეთილშობილების გარდა, ვიდეოს გავრცელებას არ გააჩნდა არავითარი მიზანი”

10 იან 2018
ლევან თაქთაქიშვილი: დღეს, მთელი რუსეთის ინტერნეტ სივრცის ტოპ ფოტოა. გადაღებულია 1927 წელს

ლევან თაქთაქიშვილი: დღეს, მთელი რუსეთის ინტერნეტ სივრცის ტოპ ფოტოა. გადაღებულია 1927 წელს

ნინო ჩხეიძე 30 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge