— ბოლოს როდის ნახეთ მიხეილ სააკაშვილი და როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
— საქართველოში ბოლოს სექტემბერში ვიყავი, რაც ნიშნავს, რომ სულ ბოლოს რა მოხდა, პირადად არ შევსწრებივარ. თუმცა ხშირი კონტაქტი მაქვს ოჯახის წევრებთან, ადამიანებთან, ვინც მასთან შედიან. მე, მაგალითად, ძალიან ვენდობი ჩემს ძმას, რომელიც არასდროს არაფერს გააზვიადებს და ყოველთვის ძალიან ზომიერად აღწერს სიტუაციას. ნიკოლოზი რამდენიმე დღის წინ იყო მიშასთან შესული. მან მითხრა, რომ მამაჩემი ლოგინში წევს, არის ძალიან სუსტად, ძალიან გამხდარია და არის უარესად, ვიდრე წინა შესვლაზე, რაც არის ძალიან რთული მოსასმენი. მეც მალე მოვახერხებ ჩამოსვლას და პირადად მონახულებას. რა ხდება ზუსტად, მე არ ვიცი, არც [„ემპათიის“] დასკვნა მინახავს, მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისია, რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა, კარგავს ენერგიას, წონას, უფრო და უფრო ნელა საუბრობს… არ ვიცი, ამ ფორმით რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს. ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს, იმიტომ რომ, რაღაც მომენტში ციხიდან გამოვა – იმის წარმოდგენა არ მინდა, რომ ეს დღე არ დადგება – მაგრამ რა მდგომარეობაში იქნება იგი იმ მომენტში? მე თუ ახლა მენტალურ პროექციას გავაკეთებ და დღევანდელი სიტუაციის ექსტრაპოლაციას, მაშინ საკმაოდ ცუდ სურათს ვხედავ.
– ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა არ გინახავთ, მაგრამ თუ იცით, რა დიაგნოზები აქვს და რომელია მათ შორის ყველაზე პრობლემური?
– არა, არ ვიცი. ამაზე ექიმებს უსაუბრიათ, შეიძლება საჯაროდაც. იმდენი ადამიანი ლაპარაკობს მის ჯანმრთელობაზე და ხან რა მესმის, ხან — რა, ცოტა დაბნეული ვარ, იმიტომ რომ დოკუმენტი ჯერ არ მინახავს და ამიტომ მეც ძალიან ველოდები, რომ დოკუმენტში ეწეროს კონკრეტული დიაგნოზი ან დიაგნოზები და ეს იყოს კარგად დასაბუთებული. ეს მე და ბევრ ადამიანს გაგვიადვილებს სიტუაციის უკეთ გაგებას. ჩემთვის აშკარაა, რომ მამაჩემი არის ავად. თან საკმაოდ მძიმედ, მაგრამ სამედიცინო ტერმინებში როგორ ვთარგმნო, არ ვიცი.
— გადაადგილება უჭირს?
— კი, გადაადგილება უჭირს. ისეთი სიტუაცია არაა, რომ მთელი დღეები ლოგინში იწვეს. არის დღეები, როდესაც უფრო ნაკლებად უჭირს და დღეები – როდესაც ძალიან უჭირს.
– ფიქრობთ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია?
— ასე ამბობენ. მე არ ვიცნობ საფუძვლიანად საქართველოს სამედიცინო სისტემას, მაგრამ „ვივამედი“ ითვლება საკმაოდ კარგი კლინიკად, ხომ? ძალიან მადლობელი ვარ და კარგია, რომ პენიტენციურმა იქ გადაიყვანა, თუმცა არ არის საკმარისი. 6 თვეა მამაჩემი „ვივამედშია“ და სიტუაცია უარესია, ვიდრე დასაწყისში იყო. ე.ი. რაღაც აკლია, ხომ?! სალომე ზურაბიშვილიც კი, თუ არ ვცდები, აკეთებს მინიშნებას, რომ მისი საქართველოში მკურნალობა რთული იქნება. მამაჩემის ჯანმრთელობა მანამდეც არ იყო იდეალური და იმ მდგომარეობაში, რომელშიც ერთწლიანი უბედურების შემდეგაა, თუ გვინდა, რომ სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდეს, ლოგიკურია, რომ ვიფიქროთ უცხოეთში მკურნალობაზე, რაც ისედაც ბევრ შემთხვევაში საჭირო ხდება საქართველოში. ხშირად გვესმის, რომ ადამიანები სამკურნალოდ უცხოეთში მიდიან.
– დავაკონკრეტოთ, ოჯახის მოთხოვნა არის სასჯელის გადავადება თუ მისგან გათავისუფლება?
— ვერ გეტყვით, რომელია შესაძლებელი. ადვოკატებმა უფრო იციან. ჩემთვის პირადად მთავარია, რომ მას მიეცეს ღირსეული მკურნალობის საშუალება, ეს იქნება დროებით თუ არა, ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩემთვის მამაჩემის პატიმრობა, მთავარია ჯანმრთელობა. მე არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის პრობლემაზე იმიტომ, რომ ეს არის ტროას ცხენი, რომელიც სინამდვილეში მისი საბოლოოდ გათავისუფლების წყარო უნდა გახდეს (თუმცა თუ გაათავისუფლებენ, მივესალმები). მისი ჯანმრთელობა არის ძალიან დაქვეითებული და თუ საზოგადოების ნაწილში არსებობდა მოთხოვნილება, რომ მის მიმართ ყოფილიყო რაღაც ტიპის შურისძიება, ანგარიშსწორება, დასჯა, ამ ადამიანებმა საკუთარ მიზანს უკვე მიაღწიეს.
— პრეზიდენტი ახსენეთ. ოჯახს თუ გქონიათ მასთან რამე კომუნიკაცია შეწყალების საკითხზე? ან ვისგან ელით გადაწყვეტილებას მიღებას — პრეზიდენტისგან, სასამართლოსგან, მთავრობისგან თუ როგორ წარმოგიდგენიათ საკითხის გადაწყვეტა?
— მე არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია არავისთან — არც პრეზიდენტთან, არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან, თუმცა თუ ვინმეს ჩემთან საუბარი უნდა, ამისთვის ყოველთვის მზად ვარ. მაგრამ ადვოკატები დაუკავშირდნენ და დოკუმენტები გაგზავნეს [პრეზიდენტთან]. ძალიან კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა ის, რაც თქვა — რომ მისთვის არ არის სასურველი, მამაჩემის ჯანმრთელობა გაუარესდეს. თუნდაც ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს მისი გადაყვანაზე, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს რაში გადაითარგმნება და შეიწყალებს თუ არა, რთული სათქმელია. ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი, თუმცა ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე, ეს სიტუაცია ადრე თუ გვიან შეიცვლება.
კომენტარები