24 ნოემბერს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში დროებითი გამოფენის “რკინიგზა ხაშურში-150” გახსნაზე მუზეუმმა საზოგადოების წინაშე პირველად წარადგინა ფოტო, რომელზეც, მათი აზრით, სხვა პიროვნებებთან ერთად, ნიკო ფიროსმანი უნდა იყოს გამოსახული.
ამ აზრს კი სხვადასხვა ფაქტით ამყარებენ:
- ფოტო აღმოჩნდა, სწორედ, ხიდირბეგიშვილების კოშკისა და ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის უბანში, სადაც ფიროსმანი კონდუქტორად მუშაობისას ცხოვრობდა კერძო სახლში;
- ნიკო ფიროსმანაშვილი ხაშურში, რკინიგზაზე მუშაობდა 1890 წლის 14 აპრილიდან 1890 წლის 23 ოქტომბრამდე მემუხრუჭე კონდუქტორად #2167;
- ფიროსმანი ხაშურში 8 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ფოტო გადაეღო;
- ფოტო არის პასპარტუზე, არის ფოტოსტუდიის პროდუქტი, დაბეჭდილია, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ბოლოს, ფოტოსტუდიაში;
- ხაშურის რკინიგზაზე მუშაობისას ის, სავარაუდოდ, 28 წლის იყო; ფოტოზე გამოსახულია, სწორედ, ამ ასაკის ადამიანი;
- მას ძალიან უყვარდა ევროპული ტანსაცმელი, მისი ჩაცმულობა ფოტოზე ნათლად ჩანს. სხვათა შორის, ფოტოზე გამოსახულ ყველა პიროვნებას (სავარაუდოდ, ოსტატებსა და შეგირდებს), ახურავთ, ან წინ უდევთ ამქრის წევრების ქუდები, გარდა ჩვენთვის საინტერესო პიროვნებისა;
- ფოტოზე ფიროსმანი აღბეჭდილია სწორედ იმ წრის ადამიანებთან, რომელ წრეშიც ის მუდამ ტრიალებდა; პიროვნება, იოსებ ლომსაძე, ვისი ოჯახიდანაც ფოტო არის წამოღებული, დედის მხრიდან, არის შთამომავალი თევდორაშვილების ცნობილი ოჯახის, რომლებიც ძირძველი ხაშურელები და ვაჭართა წარმომადგენლები იყვნენ. ოჯახის დიდი პაპა, კოლია თევდორაშვილი ხელოვანი ადამიანი, ხაშურის თეატრის მსახიობი იყო; მუზეუმი ფოტოს ყველა მნახველს სთხოვს, ყურადღება გაამახვილოს მათ მიერ მინიშნებული პიროვნების სახეზე (ვარცხნილობა, წვერი, თვალის ჭრილი, ასიმეტრიული სახე, ყურის ფორმა და ა.შ.)
“ძვირფასო მეგობრებო, ბუნებრივია, გვესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისგან ასეთი განაცხადის გაკეთება, მაგრამ, განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდვია. ბედნიერები ვიქნებით, თუ ჩვენი ვარაუდების კიდევ უფრო განმტკიცებას შევძლებთ” – წერია მუზეუმის პირად გვერდზე.
კომენტარები