რა მოხდა 2003 წლის ნოემბერში, მივყვეთ ქრონოლოგიურად:
2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რაც ქვეყნის მეორე პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ და მაშინდელმა სახელისუფლებო პარტიამ, “მოქალაქეთა კავშირმა” ტოტალურად გააყალბა, სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” კი, სადაც “მოქალაქეთა კავშირი” და “აღორძინება” შედიოდნენ, გამარჯვებულად გამოცხადდა.
იმავე საღამოს, ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით, გამარჯვება აღნიშნა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”. ხმები პარალელურად დაითვალა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “სამართლიანი არჩევნები”. შედეგებით ჩანდა, რომ 7%-იანი ბარიერი ამ საარჩევნო სუბიექტმა გადალახეს:
- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 20,8%
- სახელისუფლებო ბლოკი – “ახალი საქართველოსთვის” – 12,9%
- “ლეიბორისტული პარტია” – 12,8%
- “ბურჯანაძე – დემოკრატები” – 10,15%
- “დემოკრატიული აღორძინების კავშირი” – 8,15%
- “ახალი მემარჯვენეები” – 7,99%
ამ დროისთვის, ცესკო-ს ხმათა მხოლოდ მეექვსედი ჰქონდა დათვლილი და მისი მონაცემებით, სახელისუფლებო ბლოკი (27,6%) და “ნაციონალური მოძრაობა” (23%) ლიდერობდნენ.
იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს მონაცემები საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. გამონაკლისი იყო მხოლოდ დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც, წინასწარი შეფასებით, არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული უწოდეს.
ბურჯანაძე/ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება აღიარა, თავად ენმ-მ კი შესაძლო საპროტესტო აქციებზე დაიწყო საუბარი.
პირველი საპროტესტო აქცია 4 ნოემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. აქციებს, ეტაპობრივად ყველა ის პარტია შეუერთდა, რომელმაც 7%-იანი ბარიერი გადალახა. ისინი უარს ამბობდნენ პარლამენტში შესვლაზე და დემონსტრაციას უერთდებოდნენ. მათი მოთხოვნა ხელისუფლების მიერ ოპოზიციის გამარჯვების აღიარება იყო.
პროტესტი 20 დღის განმავლობაში არ განელებულა. აქციებს სამი ოპოზიციური ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია ედგა სათავეში.
მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე კი მოქალაქეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს
დიალოგისკენ მოუწოდებდა.
მიუხედავად პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული განცხადებებისა, ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის პირველი სხდომა 22 ნოემბერს მაინც ჩანიშნა.
21 ნოემბერს კი საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს. ავტოკოლონას წინ წალენჯიხის ავტობუსი მოუძღოდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ოპოზიციის მომხრეები თბილისში 21 ნოემბერს შევიდნენ და თავისუფლების მოედანზე გაჩერდნენ. უკვე 22 ნოემბერსკი, მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის პირველი სხდომა იხსნებოდა, მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის მიმართულებით, ვარდებით ხელში დაიძრა.
ოპოზიციამ “ხავერდოვანი რევოლუციის” დაწყება დააანონსა. მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდა და ედუარდ შევარდნაძეს გადადგომისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც შევარდნაძემ დარბაზი დაცვის თანხლებით დატოვა. საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან 21-ე დღეს, 23 ნოემბრის საღამოს, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის შუამავალი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი იყო.
ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. 24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ კი 22 ნოემბერს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.
26 ნოემბერს კი ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
კომენტარები