სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ბრიუსელში სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
მისივე თქმით, კოსოვოში ვითარება იძაბება, საერთაშორისო საზოგადოებამ კი მშვიდობის შენარჩუნებისთვის უნდა იმოქმედოს.
„სიტუაცია კოსოვოში რთულია, ვითარება ფაქტობრივად შეტაკების ზღვარზეა. მე ვთხოვ დასავლურ საზოგადოებას, გავლენა მოახდინოს პრიშტინაზე და დაგვეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებაში.
სერბეთს მშვიდობა სურს. მე ვეტყვი ჩვენს ხალხს კოსოვოში, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. ჩვენ დავიცავთ მშვიდობასა და სტაბილურობას, მაგრამ სერბმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათ უკან დგას მათი ქვეყანა და საერთაშორისო სამართალი“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
ცნობისთვის, 31 ივლისს სერბეთსა და კოსოვოს შორის გამყოფ ხაზზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოს მთავრობის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებამ, რომელიც ეთნიკურ სერბებს კოსოვოს სანომრე ნიშნების აღებას ავალდებულებდა, შეტაკებები გამოიწვია.
ასობით ეთნიკურმა სერბმა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე გზა გადაკეტა და სატვირთო მანქანები, ტანკერები და სხვა ავტომობილები გააჩერა.
სიტუაციის განსამუხტად კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ წესების მიღება 1-ელ სექტემბრამდე გადადო.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში ცალმხრივად გამოაცხადა.
კომენტარები