აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს – “ფიქრები მედიცინის მომავალზე”, რომელსაც News.ge უცვლელად გთავაზობთ:
ვინც არ იცის, მოგახსენებთ, რომ ჩვენს ჰოლდინგში შემავალი კლინიკების ხელმძღვანელები, დამფუძნებელთან ერთად, ყოვეწლიურად დავდივართ ყველა დიდ სამედიცინო გამოფენაზე. ასეთი სულ 4-5-ია წელიწადში და სწორედ ამ გამოფენებზე იკვეთება საით მიდის კაცობრიობის გონი, მედიცინის თვალსაზრისით. მინდა დაინტერესებულებს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები დღეს დასრულებული გერმანული “მედიკა”-ს შთაბეჭდილებებით;
დახლოებით 5 წელია (შეიძლება ოდნავ მეტიც), რაც სამედიცინო აპარატურებზე მომუშავე მეცნიერები ცდილობენ მკურნალობის პროცესში მაქსიმალურად გამორიცხონ “ადამიანის ფაქტორი”. რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში დაიწყეს დიაგნოსტიკით. კარგი გამოცდილების რადიოლოგს, ან ქირურგს, ტრავმატოლოგს, პულმონოლოგს… შეიძლება 10 ათასი შემთხვევა ჰქონდეს ნანახი, თუმცა ყველა მრტ სურათი ნათლად არ ექნება გონებაში. ექიმი მსჯელობისას ადარებს ამ სურათებს ერთმანეთს და ისე გამოაქვს დიაგნოზი. სწორედ ესაა აზროვნების პროცესი. თუმცა არაა გამორიცხული, რომ რაიმე მცირე ნიუანსი გამორჩეს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ იყოს შესაძლებლობა, 1 ან 10 მილიონი შემთხვევა შედარდეს წამებში ერთმანეთთან და თანაც მაქსიმალურად გამოირიცხოს რაიმეს გამორჩენა! სწორედ ესაა ხელოვნური ინტელექტი, სწორედ ეს უნდა ჰქონდეს ყველა თანამედროვე აპარატურას და პასუხისმგებლიანი კლინიკა სხვანაირის ყიდვას აღარც უნდა განიხილავდეს. ხელოვნური ინტელექტის პასუხს, ჯერჯერობით ექიმი გადახედავს. შემდეგში ალბათ არც ამის აუცილებლობა იქნება. ეს მიმდინარეობა პროცესშია და სავარაუდოდ ყველა დიაგნოსტიკურ კვლევაზე დასკვნას შემდგომში (რენტგენზეც და ექოსკოპიაზეც) ხელოვნური ინტელექტი დაწერს. ჯერ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მხოლოდ მრტ-ზე და ჩვენს ერთ კლინიკაში- უკვე 640 შრიან კტ-ზეც ვიყენებთ!
დიაგნოსტიკის მიმართულებით მომავალი უკვე გამოხატულია. რაც შეეხება მკურნალობას, ცხადია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ოპერაციული მეთოდი. 3-4წლის წინ გამოფენებზე გამოჩნდა პირველი რობოტი ქირურგები, თანაც მხოლოდ ერთადერთი კომპანია, “Da Vinci” აქტიურობდა ამ მიმართულებით. ფასები კი ისე ძვირი იყო, რომ მაშინ ძალიან შორეული მომავლის საქმედ ჩავთვალე. არადა, რა მნიშვნელოვანია, რომ საოპერაციო არეაში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს – ეს ინფექციის შეჭრის რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს! ქირურგი მუშაობს ჯოისტიკით ეკრანზე, საოპერაციოს გარედან. წლევანდელ “მედიკა”-ზე კი უკვე რამოდენიმე კომპანია იყო წარმოდგენილი, როგორც ქირურგ რობოტებით, ასევე ქირურგის ასისტენტი რობოტებით (ესეც ხომ ამცირებს რისკს!) და ფასებიც ამ კონკურენციის გამო უკვე “ადამიანური” გახდა და ჩვენი ჰოლდინგის კლინიკები რა თქმა უნდა დაინტერესდნენ ამ მეცნიერული რევოლუციით- როგორც ყოველთვის, გვინდა მსოფლიო კლინიკების იმ არც თუ დიდ რიცხვში ვიყოთ, ვინც სრულად იყენებს კაცობრიობის ცოდნას და მუდამ უახლესი აპარატურა აქვს. მომავალი წლის დასაწყისიდანვე დაიწყება “რობოტი ქირურგების” პროექტის დანერგვა ჩვენს რამოდენიმე კლინიკაში- რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შეცდომის და ინფექციის გადადების რისკს!
ანუ, მედიცინის ორივე მიმართულებით- დიაგნოსტიკაშიც და მკურნალობაშიც- ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად ამოაგდოს თავისივე, ე.წ. “ადამიანური ფაქტორი”, რაც შეცდომებთან და რისკებთან ასოცირდება და თანამედროვე ტექნოლოგიებით მაქსიმალურად გარანტირებული გახადოს მისთვის ყველაზე ძვირფასი- სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
პ.ს. კიდევ ერთი რამ, რაც წლევანდელ “მედიკაზე” მოხდა, არის ცნობილი გერმანული სატრანსპორტო პუნქტუალობის შესახებ მითის მსხვრევა- რაც ძალიან დასანანია.. მგონი არაგერმანელებიც ვტრაბახობდით ამ თვისებით და ზოგადსაკაცობრიო მონაპოვრად მივიჩნევდით. ახლა, როგორც თავად მოქალაქეები ამბობენ- უკვე ორი წელია, რაც მატარებლების, ზოგადად ტრანსპორტის დაგვიანება უკვე წესად იქცა(((.. ჩვენმა მატარებელმა დიუსელდორფიდან კიოლნში 1 სააათი და 20 წუთი დააგვიანა და რასაც შევესწარით ამ პერიოდში კიდევ 6 მატარებლის გრაფიკი გადაიწია 0.5-1 საათით.
მედიკა 2022. დიუსელდორფი
კომენტარები