თუ პრემიერს გაუჭირდება კითხვებზე პასუხის გაცემა, სიძულვილის ენაზე გადავა – ეს, როგორც წესი, გამოსავალია “ქართული ოცნებისთვის”,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ- მინისტრს მათ კითხვებზე საპასუხოდ არგუმენტები ექნება.
“იმდენად კონკრეტული შეკითხვებია, რომ იმედს ვიტოვებ მას ექნება ფაქტებზე დაფუძნებული პასუხები და არგუმენტები, მაგალითად იმაზე, თუ რატომ არ ისმის მკაფიო გამიჯვნა იმ განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, არის მკვეთრად ანტიდასავლური, თავს ესხმის პარტნიორი ქვეყნების ელჩებს. თუ პრემიერს პასუხები არ ექნება და გაუჭირდება ფაქტების მოყვანა, მაშინ ის გადავა სიძულვილის და ზიზღის ენაზე, ოპოზიციაზე თავდასხმაზე, ეს, როგორც წესი, გამოსავალია “ქართული ოცნებისთვის” როცა არ სურთ საქმეზე საუბარი”,- განაცხადა სამნიძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან და ასევე “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი.
ირაკლი ღარიბაშვილი, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ დაიბარეს.
კომენტარები