სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვლოცულობთ თურქეთისთვის”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო 53 დაშავდა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმა იყო.
მისი თქმით, ახლა სწორი არ იქნება დარწმუნებით საუბარი, რომ ეს ტერაქტია, თუმცა წინასწარი მონაცემები, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან კადრები, ასევე გუბერნატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ შესაძლოა, ეს ტერაქტი ყოფილიყო.
ამასთან, ერდოღანის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასადგენად და აქვე აღნიშნა ისიც, რომ პირველადი დასკვნები ამ საქმეში ქალის მონაწილეობაზე მიუთითებს.
კომენტარები