თუ ივანიშვილი გააგრძელებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის შეფერხებას, ცხადია, ზეწოლის ბერკეტების გაძლიერება იქნება დღის წესრიგში და ამის ნიშნები ჩვენ უკვე ვნახეთ, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა მოლდაველი ოლიგარქების მსგავსად სანქციები დაუწესონ საერთაშორისო პარტნიორებმა ბიძინა ივანიშვილსაც.
სამადაშვილის თქმით, მოლდაველი ოლიგარქების დასანქცირება სწორედ საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეშლას უკავშირდება.
“რაც შეეხება ოლიგარქების დასანქცირების გადაწყვეტილებას, ეს უკავშირდება იმას, რომ მათ საკუთარი საქმიანობოთ ხელი შეუშალეს საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს მკაცრი მითითება ევროკავშირისგან დეოლიგარქიზაციაზე, ანუ ივანიშვილის რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება არის სწორედ იმის წინაპირობა, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს როგორც ქვეყნის დემოკრატიის, ასევე რეფორმების და ევროკავშირის მიმართულებით. ამიტომ თუ ივანიშვილი გააგრძელებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის შეფერხებას, ცხადია, ზეწოლის ბერკეტების გაძლიერება იქნება დღის წესრიგში და ამის ნიშნები ჩვენ უკვე ვნახეთ, როცა უკრაინის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის დასანქცირების მოთხოვნის შესახებ,”- განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, ოლიგარქებს სანქციები მოლდოვაში გამართულ არჩევნებში ჩარევისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო დაუწესდათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები ასევე ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში.
კომენტარები