18 ოქტომბერს უკრაინაში მოქმედი რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, სერგეი სუროვიკინმა, სამთავრობო-პროპაგანდისტული არხი Россия 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ხერსონის ფრონტზე არსებული ვითარება რუსეთისთვის რთულად შეაფასა.
სუროვიკინის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხერსონში იერიშები მიაქვთ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე.
“მოცემული მიმართულებით განვითარდა რთული ვითარება. ხერსონში მოწინააღმდეგეს მიზანმიმართულად მიაქვს იერიშები ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე. HIMARS-ის რაკეტებით დაზიანებულია ანტონოვსკის ხიდი და კახოვკას ჰიდროელექტრო სადგურის წყალსაცავი, რომლის მიმართულებით მოძრაობაც შეწყვეტილია”. – თქვა სუროვიკინმა.
სუროვიკინის აცხადებს, რომ ხერსონის რეგიონში არის ენერგომომარაგების პრობლემა.
უკრაინაში რუსული ძალების დაჯგუფების მეთაურმა სიტუაციის სირთულეს ხაზი ხელმეორედაც გაუსვა.
“ჩვენი შემდეგი გეგმები და მოქმედებები, თავად ქალაქ ხერსონთან დაკავშირებით, დამოკიდებული იქნება შექმნილ სამხედრო-ტექნიკური სიტუაციაზე”, – აღნიშნა სუროვიკინმა.
სერგეი სუროვიკინმა არ გამორიცხა რთული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაც.
“ვიმოქმედებთ შეგნებულად, დროულად, არ გამოვრიცავთ რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც”, – თქვა უკრაინაში რუსული ძალების მეთაურმა.
შეგახსენებტ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სუროვიკინი უკრაინაში მყოფი გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების მეთაურად 8 ოქტომბერს დანიშნა.
კომენტარები