თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას ვაკის პარკის ტრაგედიისას დაზარალებულ მოზარდთან და ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელებში გამოხმაურებებს „კამპანიური აჟიოტაჟი” უწოდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ის აპირებს მოინახულოს ყველა, ვინც ამ ტრაგედის შედეგად დაზარალდა.
„რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის, დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემს მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მეგობრებო ჩემი ვალი და ვალდებულებაა არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც 4 შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს, კიდევ შევხვდები და კიდევ მოვინახულებ. მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ, ყველას ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა. აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა – თითოეულ ექიმს, თითოეულ ექთანს, ყველა ადამიანს. აქვე ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი მონახულება, მაგრამ მომდევნო დღეებში აუცილებლად ვესტუმრები მასაც“, -განაცხადა კალაძემ.
კომენტარები