ჰეივორთის ნამდვილი სახელი მარგარიტა კარმენ კანსინო იყო. იგი 1918 წელს ბრუკლინში დაიბადა. მისი მშობლები პროფესიონალი მოცეკვავეები იყვნენ. რიტას მამა მუდმივად ავარჯიშებდა. როდესაც მსახიობი რვა წლის იყო, პირველად გამოჩნდა ფილმში La Fiesta, საცეკვაო ეპიზოდში.
რიტამ სკოლა 12 წლის ასაკში მიატოვა. მიზეზი მამის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა იყო. იგი მუდმივად სცემდა შვილს და აიძულებდა მექსიკაში მისთვის საცეკვაო პარტნიორობა გაეწია. ამის გამო ჰეივორთს უწევდა ისე ჩაეცვა და ისეთი მაკიაჟი ეტარებინა, რომ ასაკით უფრო დიდს დამსგავსებოდა.
არსებობს მითი, რომ კოქტეილი მარგარიტა, რომელიც ძალიან პოპულარულია ამერიკაში, სწორედ რიტას ნამდვილი სახელითაა შთაგონებული და იგი ტიხუანაში შეიქმნა, როდესაც მსახიობი მექსიკაში ცეკვავდა. თუმცა ეს ლეგენდა დადასტურებული არაა და არავინ იცის სასმელის რეალური წარმომავლობა.
რიტა 17 წლის იყო, როდესაც ცნობილმა კინოსტუდიამ, 20th Century Fox, აღმოაჩინა და მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა. სწორედ აქედან იწყება თავბრუდამხვევი კარიერა. მას ისეთ ფილმებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორიცაა “ლედი შანხაიდან”, “სისხლი და ქვიშა”, “სხვადასხვა მაგიდებზე” , “ჯილდა”.
მარგარიტა “ჰოლოვუდის ოქროს ხანის” ერთ-ერთ პირველ ვარსკვლავად და ყველა დროის ყველაზე გლამურული სტილის მქონე მსახიობად ითვლება. საბედისწერო ქალის იმიჯის, თავდაჯერებულობის და მკაცრი ხასიათის წყალობით რიტა სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.
მის სახელს უკავშირდება ხუთი ქორწინება და არაერთი გახმაურებული რომანი, მათ შორის ურთიერთობა ცნობილ ბიზნესმენ ჰოვარდ ჰიუსთან, რომელიც გატაცებული იყო მსახიობით. ჰეივორთს ორი შვილი ჰყავდა. მისი ბოლო მეუღლე კი ამერიკელი პროდიუსერი და სცენარისტი ჯეიმს ჰილი იყო.
ნიჭიერი, ელეგანტური, ძლიერი და ლამაზი ქალი, ასე ახასიათებდნენ ჰოლივუდში. მარგარიტა 68 წლის ასაკში ნიუ-იორკში გარდაიცვალა. სახელი “სილამაზის ქალღმერთი” კი მის სიმბოლოდ და მოგონებად იქცა.
წყარო/ფოტო: Factinate
კომენტარები