თუ ღამის ცას შეხედავთ, დაინახავთ ვარსკვლავებს ასობით მილიარდი გალაქტიკიდან. ზოგიერთი გალაქტიკა მბრუნავ ლურჯ დისკს ჰგავს, როგორიცაა ჩვენი ირმის ნახტომი. ზოგიერთი წითელი ფერის სფერო ან უსწორმასწორო ფორმის, ქაოსური გროვაა.
რატომ აქვთ მათ განსხვავებული კონფიგურაციები? გამოდის, რომ გალაქტიკის ფორმა რაღაცას გვეუბნება მის ულტრახანგრძლივ სიცოცხლეში მომხდარ მოვლენებზე. ძალიან საბაზისო დონეზე არსებობს გალაქტიკის ფორმების ორი კლასიფიკაცია: დისკი და ელიფსური. დისკის გალაქტიკა, რომელსაც ასევე სპირალურ გალაქტიკას უწოდებენ, შემწვარი კვერცხის ფორმისაა, თქვა კამერონ ჰუმელსმა, თეორიულმა ასტროფიზიკოსმა Caltech-ში. ამ გალაქტიკებს აქვთ უფრო სფერული ცენტრი (კვერცის გული) რომელიც გარშემორტყმულია გაზისა და ვარსკვლავების დისკით (კვერცხის ცილა). ირმის ნახტომი და ჩვენი უახლოესი გალაქტიკის მეზობელი ანდრომედა ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
თეორიულად, დისკის გალაქტიკები თავდაპირველად წარმოიქმნება წყალბადის ღრუბლებისგან. გრავიტაცია აერთიანებს გაზის ნაწილაკებს. წყალბადის ატომების მიახლოებისას ღრუბელი იწყებს ბრუნვას და მათი კოლექტიური მასა იზრდება, რაც იწვევს გრავიტაციული ძალის აწევას. საბოლოოდ, გრავიტაცია იწვევს გაზის კოლაფსს მბრუნავ დისკში.
გაზის უმეტესი ნაწილი რგოლშია, სადაც ის ახდენს ვარსკვლავების ფორმირებას. Nasa-ს ცნობით, ედვინ ჰაბლმა, რომელმაც მხოლოდ ერთი საუკუნის წინ დაადასტურა ჩვენი გალაქტიკების არსებობა, დისკის გალაქტიკებს უწოდა გვიანი ტიპის გალაქტიკები, რადგან ეჭვობდა, რომ მათი ფორმა სამყაროს ისტორიაში მოგვიანებით ჩამოყალიბდა. ალტერნატიულად, ელიფსური გალაქტიკები, რასაც ჰაბლმა უწოდა ადრეული ტიპის გალაქტიკები, უფრო ძველი ჩანს.
ელიფსურ გალაქტიკებში ვარსკვლავებს უფრო შემთხვევითი მოძრაობა აქვთ, ამბობს რობერტ ბასეტი, დამკვირვებელი ასტროფიზიკოსი, რომელიც სწავლობს გალაქტიკის ევოლუციას სვინბერნის უნივერსიტეტში, მელბურნში, ავსტრალია. ელიფსური გალაქტიკები ითვლება გალაქტიკათა შერწყმის პროდუქტად. როდესაც თანაბარი მასის ორი გალაქტიკა ერწყმის, მათი ვარსკვლავები იწყებენ ერთმანეთის მიზიდვას, რაც არღვევს ვარსკვლავების ბრუნვას და ქმნის უფრო შემთხვევით ორბიტას, თქვა ბასეტმა.
და ბოლოს, ნაკლებად გავრცელებული ფორმა, ლენტიკულური გალაქტიკებები, რომლებიც, როგორც ჩანს, ელიფსური და დისკის გალაქტიკების ნაზავია. ბასეტის თქმით, შესაძლოა, როდესაც დისკის გალაქტიკა მთელ თავის გაზს ამოწურავს და ვერ ახერხებს ახალი ვარსკვლავების ფორმირებას, არსებული ვარსკვლავები იწყებენ ურთიერთქმედებას. მათი გრავიტაციული მიზიდულობა ერთმანეთის მიმართ ქმნის ფორმას, რომელიც ჰგავს ოსპს. ესაა ერთგვარი ელიფსური, მაგრამ მბრუნავი დისკი.
მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვისწავლეთ ჩვენს გარშემო არსებული მასიური ციური სტრუქტურების შესახებ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი. გალაქტიკების ფორმირება და ევოლუცია ერთ-ერთი ყველაზე ფართო საკითხია ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სფეროში.
წყარო: livescience.com
ფოტო: space.com
კომენტარები